პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შეიქმნა მეგობარ ქვეყნებთან სამუშაო ე.წ. მეგობრობის ჯგუფები, რომლებშიც მიიწვიეს ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის – ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, თუმცა ისინი უარს აცხადებენ ამ ჯგუფში შემოსვლაზე.
მისივე თქმით, ბალტიისპირეთის ეს სამი ქვეყანა, ქართველ ხალხთან არამეგობრულ დამოკიდებულებას აგრძელებს და ამ ფონზე გასაგებია ასეთი უკუკავშირი.
მან იმედი გამოთქვა, რომ ხალხის მიერ არჩეული მთავრობის მიმართ ამ ქვეყნების დამოკიდებულება შეიცვლება.
„როგორც იცით, ჩვენ პარლამენტის დადგენილებით შევქმენით სამუშაო ჯგუფები. მათ შორის შექმნილია სამუშაო ჯგუფი ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტთან, თუმცა ჯერჯერობით არავინ გამოხატა სურვილი, რომ იყოს შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, ეს განპირობებულია ამ სამი ქვეყნის პარლამენტის არამეგობრული პოლიტიკით ქართველი ხალხის მიმართ.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტები დაუბრუნდებიან ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას. რა თქმა უნდა, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დაკომპლექტდეს შესაბამისი მეგობრობის ჯგუფები. ჩვენი გადაწყვეტილება იყო, მათ შორის, რომ ეს მეგობრობის ჯგუფები შექნილიყო, თუმცა არ არის დაკომპლექტებული.
მოვუწოდებთ ამ სამი ქვეყნის პარლამენტს, რომ დაუბრუნდნენ მეგობრობის ფორმატს და უარი თქვან არამეგობრულ ნაბიჯებზე ქართველი ხალხი მიმართ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.