თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის მორიგი პროცესი დასრულდა.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა 11 ივნისს გაგრძელდება.
9 ივნისის სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს და სასამართლომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი კიდევ ოთხი პოლიციელი დაკითხა. დაცვის მხარემ მოწმეებს საქმეში არსებული რამდენიმე ვიდეოჩანაწერი აჩვენა, რომლებიც, ადვოკატების თქმით, ბრალდებულთა უდანაშაულობაზე მიუთითებს.
აქციებისას დაკავებულების ერთ-ერთმა უფლებადამცველმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო პროცესზე მოსულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა დაკითხვისას დაადასტურა, რომ მის მიერ წარდგენილი ვიდეო დამონტაჟებული და დაჭრილი იყო, ხოლო თარიღი და დრო მითითებული არ ყოფილა.
„პოლიციელი ამტკიცებდა, რომ ეს მონაცემები მითითებული იყო, მაგრამ დადასტურდა რომ ვიდეოზე არანაირი თარიღი არ არსებობდა. ასევე სხვა ბრალდებულების მიმართაც გამოიკვეთა, რომ მათ წინააღმდეგ დამონტაჟებული და დაჭრილი ვიდეოები აქვთ, რაზეც პოლიციელმა განმარტა, რომ ვიდეოები დამონტაჟებული და დაჭრილი იყო…
ჩვენ არაერთი ვიდეო ვიხილეთ, როდესაც სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები ძალადობდნენ. როდესაც ვიდეოში რაიმე დანაშაულებრივი ქმედებაა, ამას მოიტან, მაგრამ, როცა ვიდეოში ჩანს ისეთი რამ, რომ მისი გამოჩენაც არ გინდა…. ვიდეოში, რომ ჩანდეს ამ ბიჭების დანაშაულებრივი ქმედება, რა თქმა უნდა, ამას არ დამალავდნენ. ვრცელ ვიდეოში გამოჩნდებოდა მომენტები, როცა სპეცრაზმელები მომიტინგეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, შესაბამისად, ვიდეოს დაჭრა გადაწყვიტეს…“ – თქვა ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა.
სხდომაზე დაკავებულ პირთა რეპლიკებს დამსწრეები გამამხნევებელი შეძახილებით ხვდებოდნენ. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დარბაზში მყოფები რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ ხმაურის გაგრძელების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებდა და პროცესს დახურავდა.
ბოლო რამდენიმე სხდომაა, სასამართლო მოწმე პოლიციელთა ჩვენებებს უსმენს. აქამდე გამოკითხულთაგან ვერც ერთმა ვერ დაასახელა ბრალდებულთაგან იმ კონკრეტული პირის ვინაობა, რომლის ქმედების შედეგადაც ისინი დაშავდნენ.