მთავარისაქართველოსაპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სხდომა დასრულდა

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სხდომა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესს არ ესწრებოდნენ ბრალდებულები რევაზ კიკნაძე და რუსლან სივაკოვი. ისევე როგორც წინა სხდომებზე, პროცესზე დღესაც ბრალდების მხარის მოწმეს მოუსმინეს.

სხდომათა დარბაზში დღეს, 5 ივნისს, დაკითხეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის გამომძიებელი ლევან ნიჟარაძე, რომელმაც მის ხელთ არსებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ შსს-სგან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებში უწყების თანამშრომელთა მიმართ „სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებაა“ ასახული. მისივე თქმით, ვიდეოჩანაწერებში რევაზ კიკნაძე, ირაკლი ქერაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ავთანდილ ჭედია და სერგეი კუხარჩუკი ფიგურირებენ.

„შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი მაქვს ინფორმაცია, კერძოდ, ვიდეოჩანაწერების სახით, რომელშიც ასახული იყო სხვადასხვა ძალადობრივი ქმედება შსს-ს მიმართ. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში ჩანან რევაზ კიკნაძე, ირაკლი ქერაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ავთანდილ ჭედია და სერგეი კუხარჩუკი – სერგეი კუხარჩუკი და ავთანდილ ჭედია, რომლებიც შსს-ს თანამშრომლებს ესროდნენ, ზოგი ქვებს, ზოგი ფეიერვერკებს და სხვადასხვა მყარ საგანს. უფროსმა დეტექტივმა გიორგი ჩხეიძემ გადასცა ოპერატიული ინფორმაცია, რომ აღნიშნული პიროვნებები მონაწილეობდნენ უშუალოდ სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ, შესაბამისად, მათი ანკეტური მონაცემები, მათი ფოტოსურათები შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან უკვე გვქონდა და როდესაც გადავედით შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში, უკვე მოვახდინეთ სავარაუდო იდენტიფიცირება, რაც შემდგომ უკვე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა”, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის გამომძიებელმა ლევან ნიჟარაძემ.

ადვოკატებს ექსპერტიზის ჭეშმარიტებაში ეჭვი ეპარებათ და ისინი ამბობენ, რომ ყოველი მომდევნო მოწმე ადასტურებს დაკავებული პირების უდანაშაულობას.

„ყველა მომდევნო მოწმე, ვინც სასამართლოში ცხადდება და იმ ნაწილში, სადაც აძლევს გულწრფელ ჩვენებას და კითხვებზე პასუხს, მისი როგორც გამომძიებლის იქნება ეს თუ პოლიციელის პერსპექტივიდან, რეალურად გვაძლევს ჩვენებას ბრალდებულების სასარგებლოდ. ჩვენთვის ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი დღე. ყველაზე მოცულობითი იყო დღევანდელი გამოკითხვა და დღევანდელი მოწმის ჩვენება”,- ამბობს ადვოკატი ომარ ფურცელაძე.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გაირკვა, რომ გამომძიებელმა არ იცის, ზუსტად ეს ვიდეომასალა როდის არის შექმნილი, ასევე არის 8-წამიანი კადრი და თვითონ მოჭრა, როდის მოჭრა, რა ტექნიკური საშუალებით განხორციელდა ეს ყველაფერი, არ იცის და ძალიან საინტერესო არის ის, რომ ჩვენ ველოდებით ჰაბიდოსკოპიურ ექსპერტს, რადგან ეს დისკი მასთან ერთად დავათვალიეროთ, დღეს მოსამართლემ კანონთან წინააღმდეგობაში არ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ეს დისკი გაგვეხსნა და გამომძიებელთან ერთად დაგვეთვალიერებინა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია ასახული არ არის კონკრეტული დრო, როდის არის ეს ვიდეო გადაღებული და შესაბამისად, ეს ჰაბიდოსკოპიური ექსპერტის და უკვე საქმესთან შემხებლობაში აღარ იქნება”, – ამბობს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი.

თერთმეტივე ბრალდებულ პირს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend