რუსეთის დაზვერვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს დიდი ბრიტანეთი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად დივერსიული საქმიანობის ხელშეწყობას გეგმავს“.
მოსკოვში ამტკიცებენ, რომ ლონდონის მიზანია, საქართველოში ხელისუფლება „რადიკალიზაციის გზით“ შეიცვალოს. როგორც უწყების განცხადებაში წერია, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე ჰყავს შერჩეული ის ორგანიზაციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ „დივერსიულ საქმიანობას“.
„დიდი ბრიტანეთი ააქტიურებს ძალისხმევას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად. ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ოპოზიციურად განწყობილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომელიც მიმართული იქნება ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის რადიკალიზაციაზე. დივერსიული საქმიანობისთვის დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეარჩია 100-მდე ახალგაზრდული, სტუდენტური, ფემინისტური მოძრაობებისა და ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელი.
ლონდონის გათვლებით, ამას შეუძლია, „გამოაფხიზლოს“ პოლიტიკური ოპოზიცია, მისცეს მას „მეორე სუნთქვა“ და მოაბილიზოს ის ბრძოლის ახალი ფაზის დასაწყებად, ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ ჩამოსაშორებლად.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „აქტივისტებისთვის“ დივერსიული საქმიანობის მეთოდების შესწავლას. მომავალ მებრძოლებს შეასწავლიან, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას საპროტესტო აქციებისას და, როგორ მოამზადონ დივერსიები“, – წერია რუსეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.
რუსეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა „ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზეა ორიენტირებული“, რაც, მოსკოვის შეფასებით, „დასავლურ სახელმწიფოებს აღიზიანებთ“.
„როგორც ჩანს, ანგლოსაქსებს არანაირად არ შეუძლიათ შეგუება ფაქტთან, რომ თბილისმა თავი დააღწია ვასალების გარემოცვას. „ქართული ოცნების“ მმართველობა მათ დაუფარავ გაღიზიანებას იწვევს. ლონდონს არ ადარდებს ქართველი ხალხი, რომელმაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთხმად დაუჭირა მხარი ქვეყნის ხელმძღვანელობის ეროვნული განვითარების გზას“, – წერია რუსეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.
მსგავსი შინაარსის განცხადება რუსეთის დაზვერვის სამსახურმა მიმდინარე წლის დასაწყისშიც გამოაქვეყნა. 2025 წლის 27 თებერვლით დათარიღებულ დოკუმენტში მოსკოვი ირწმუნებოდა, რომ „ევროკავშირი საქართველოში ანტისამთავრობო აქციებში მონაწილე დემონსტრანტებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის“.