„მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ – თბილისში ამ სახელწოდების მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი იმართება.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა. ფორუმი ორდღიანია და მის ფარგლებში განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, სატრანსპორტო რეფორმა, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მდგრადი განვითარება.
ფორუმში მონაწილეობენ მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები. ფორუმს ასევე ესწრებიან ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის ბიზნესის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
„სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო არაერთი ომია. ასეთ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე. ძალიან დიდია ამ ყველაფერში ზესახელმწიფოების როლი, როცა ვსაუბრობთ მსოფლიო მასშტაბით გლობალურად მშვიდობის განმტკიცებაზე.
ვფიქრობ, რომ ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც ყველამ უნდა მიბაძოს. გასული 45 წლის განმავლობაში ჩინეთი იყო ზუსტად ის ზესახელმწიფო, რომელსაც არცერთ ომში არ მონაწილეობდა და ეს ზესახელმწიფო იყო თავიდან ბოლომდე ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და შედეგებიც არის სახეზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.