პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღია წერილით მიმართავს საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის.
მიმართვაში მან ყურადღება გაამახვილა მოცემულობაზე, როდესაც, მისი თქმით, „ევროკავშირის სახელი და დაფინანსება სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის მიზნებისთვის გამოიყენება.“
„მინდა გამოვხატო იმედგაცრუება იმის გამო, რომ საქართველოში ევროკავშირის მისიას საჯაროდ არ დაუგმია შეურაცხყოფების მიმდინარე კამპანია და აგრესიული თავდასხმები საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებზე, იმ ინდივიდების მხრიდან, რომლებსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აფინანსებენ.
სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მისიის უმოქმედობა, ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მოქმედი იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებას იღებენ, ქმნის იმგვარ გარემოს, რომელიც ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს ზიზღის, ძალადობისა და პოლიტიკური პოლარიზაციისათვის.
ღრმად იმედგამაცრუებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების მრავალჯერადი მოწოდების მიუხედავად, ჩემი ბოლო წერილის ჩათვლით, ევროკავშირის მისია თავს არიდებს ზიზღისა და ძალადობის გამოვლინებისაგან დისტანცირებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჯგუფებისაგან მომდინარეობს. როგორც ჩემს წინა წერილში აღვნიშნე, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დამფინანსებლების მხრიდან მსგავსი ქცევის რეაგირების გარეშე დატოვება, ამ ჯგუფებს აძლევს საშუალებას, ევროკავშირის მისიის უმოქმედობა შემდგომი ძალადობრივი ქმედებებისათვის მწვანე შუქის ანთების ნიშნად მიიღონ. იქმნება წარმოდგენა, რომ ზიზღი და ძალადობა შეიძლება „ევროპული ღირებულებების“ სახელით იქნეს გამართლებული. მეტიც, შემაშფოთებელია, რომ ზიზღის, ძალადობისა და პროპაგანდის დაგმობის ნაცვლად, გვესმის მხარდამჭერი განცხადებები იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც არიან ზიზღის, ძალადობისა და პროპაგანდის ორგანიზატორები“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ღია წერილში პარლამენტის თავმჯდომარე ახსენებს „ქართული ოცნების“ დეპუტატ მარიამ ლაშხსა და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტს შორის მომხდარ ინციდენტს, რომელიც, კანონმდებლის თქმით, არ დაგმო ევროკავშირმა.
„ჩემი გაფრთხილება, რომ უმოქმედობა მწვანე შუქად იქნებოდა აღქმული, მალე გამართლდა. ვნახეთ, თუ როგორ დაესხნენ თავს ჟურნალისტს 9 მაისს, ევროკავშირის მისიის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეზე მოწვეული სტუმრები, რომლებიც, ცნობილი არიან, როგორც ევროპული დაფინანსების მიმღებები. სამწუხაროდ, ამის შემდეგაც კი, არ მოგვისმენია ამ ინციდენტის საჯარო დაგმობა. 17 მაისს, კვლავ „ევროპული ღირებულებების“ სახელით, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, იმავე პირებმა, რომელთა მიმართაც ევროპელი აქტორნი მანამდე მხარდაჭერას გამოხატავდნენ. 22 მაისს, კვლავ „ევროპული ღირებულებების“ მოხმობით, გამართლებულ იქნა სიტყვიერი თავდასხმა და მუქარა პარლამენტის წევრ ირაკლი ზარქუას მიმართ, ორი პირის მხრიდან, რომლებიც ცნობილნი არიან, როგორც ევროპული დაფინანსების მიმღებები.“ – წერს შალვა პაპუაშვილი ღია წერილში.
მიმართვაში პარლამენტის თავმჯდომარე ასევე ახსენებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებსა და ანგარიშებს, სადაც, მისი თქმით, „საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობა უარყოფილია“.
„ჩემს წინა წერილში მე მივუთითებდი იმ საფრთხეებზე, რომლებიც თან ახლავს უარს, საჯაროდ და მკაფიოდ დაიგმოს ამგვარი რადიკალური ქმედებები, რომლებიც არა მარტო პოლიტიკურ პოლარიზაციას ასაზრდოებს, არამედ ქართულ დემოკრატიას ემუქრება. უკვე ვხედავთ, რომ მსგავსი სიჩუმით წაქეზებული ჯგუფები, მიუახლოვდნენ იმ წერტილს, რომლის მიღმაც ექსტრემიზმია და საიდანაც მობრუნება შეუძლებელი იქნება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ, რომ ევროკავშირის დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თავიანთ განცხადებებსა და დოკუმენტებში, დაიწყეს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფა და ისეთი ტერმინების დამკვიდრება, როგორიცაა „არალეგიტიმური“ და „თვითგამოცხადებული“ პარლამენტი და მთავრობა. ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის „არალეგიტიმურად“ მოხსენიება და დემოკრატიული ინსტიტუტების არაღიარება თავად დემოკრატიის უარყოფაა. ამ კამპანიის კოორდინირებული ხასიათი ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს ლეგიტიმური მთავრობის არადემოკრატიული მეთოდებით შეცვლისათვის იდეოლოგიური საფუძვლის მომზადებასთან. ცხადია, რომ, ნებისმიერი დემოკრატიული სტანდარტით, ეს არა გამოხატვის თავისუფლება, არამედ ექსტრემიზმია.
პასუხისმგებლობიანი დონორობა წარმოადგენს არა არჩევანს, არამედ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებას, რომელიც გარანტირებულია „დახმარების ეფექტიანობაზე პარიზის დეკლარაციით“. ამ ვალდებულების დარღვევა, იმავდროულად, წარმოადგენს წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევას. ექსტრემისტული მიზნებისთვის დონორების დაფინანსების გამოყენებაზე უარის თქმა ამ ვალდებულების მთავარი კომპონენტია“, – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის წერილში.