ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა. კრიტიკულ დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14 მის წინააღმდეგ წავიდა, 4-მა კი თავი შეიკავა.
მომხსენებელმა რასა იუკნევიჩიენემ სხდომაზე აღნიშნა,რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა გასროლის გარეშე ჩაიგდო ხელში, დემოკრატიულ უკუსვლაზე ის პასუხისმგებლობას აკისრებს პარტია „ქართულ ოცნებას”, რომელსაც ავტორიტარულ მთავრობას უწოდებს.
„სამწუხაროა, რომ ყოველწლიურ ანგარიშში ევროპარლამენტმა უნდა შეაფასოს საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის არა პროგრესი, არამედ უზარმაზარი გადახვევა დემოკრატიული სახელმწიფოდან, ევროპული პარტნიორობის ქვეყნების ლიდერიდან სასტიკ ავტოკრატიამდე. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა შიგნიდან ხელში ჩაიგდო პრორუსულის მთავრობით ერთი გასროლის გარეშე.
გაყალბებული არჩევნები, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება დაბლოკოს ევროკავშირი, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება, ევროკავშირსა და მის წარმომადგენლებზე თავდასხმა – ეს მხოლოდ ნაწილია იმ ფაქტების, რომლებსაც ამ ანგარიშში შეხვდებით. ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას. ერთი მხრივ, ეს არის დამღლელი, ამავდროულად კი ძალიან მამოტივირებელი, კერძოდ, ევროპული დროშებით ხელში ევროპისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის ხილვა თითქმის 200 დღის განმავლობაში. ყველა პროევროპული პოლიტიკური ჯგუფები ამ საკითხის ირგვლივ ერთიანია”, -აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა და რეზოლუციის ავტორმა რასა იუკნევიჩიანემ.
დოკუმენტის მხარდამჭერები საუბრობენ საქართველოს მიერ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე განცდილ უკუსვლაზე, მათ შორის გმობენ ანტიდემოკრატიულ კანონებს, აგრეთვე მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მოუწოდებენ ქვეყანას ძალადობის ყველა აქტის გამოძიებისა და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემისკენ.
დოკუმენტში ყურადღება გაამახვილეს ახალი არჩევნების მოთხოვნაზე და ვიდრე ასეთი ჩატარდება, დოკუმენტის ავტორები ქართული ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის ერთგულები დარჩებიან. ამასთან, ავტორები წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ პერსონალური სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების” ოფიციალური პირების წინააღმდეგ. მოთხოვნილია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გადახედვაც. განსხვავებული პოზიცია გამოთქვა ევროპის სუვერენული ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენელმა, „ალტერნატივა გერმანიიდან” პარტიის წევრმა ჰანს ნიუჰოფმა.
„მსურს, წარმოგიდგინოთ უმცირესობის პოზიცია ევროპის სუვერენული ქვეყნების ჯგუფიდან. თქვენის ნებართვით, მსურს მივიპყრო ყურადღება 3 კონკრეტული მიმართულებით. ჩვენ ვეწინააღმდეგებით რეზოლუციის მე-5 პუნქტს, რომელიც ითხოვს პერსონალურ სანქციებს წინასწარი სამართლებრივი პროცედურების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს, ისევე როგორც ინდივიდუალურ უფლებებს. ასევე მოწოდება – სანქციები გავრცელდეს ოჯახის წევრებზე, წარმოადგენს კოლექტიურ დასჯას, რაც ევროკავშირის სტანდარტებსა და საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება.
უარვყოფთ აგრეთვე რეზოლუციის პროექტის მე-8 პუნქტსაც, რომელშიც საუბარია საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების არაღიარებაზე და მისაღები პოლიტიკური ფიგურის ცალმხრივად დანიშვნაზე. ეს სუვერენული ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის აშკარა დარღვევას წარმოადგენს, რაც გაეროს წესდებითაა გათვალისწინებული. უარვყოფთ აგრეთვე მე-10 პუნქტსაც, რომელიც გულისხმობს ევროკავშირის ერთსულოვნების პრინციპის მოთხოვნის გვერდის ავლას, საგარეო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას. ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ამ ტექსტს, რომელიც მიკერძოებულობის მაგალითთან ერთად წარმოადგენს სამართლებრივად და ინსტიტუციურად მიუღებელ დოკუმენტს”, – აღნიშნა „ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრმა ჰანს ნიუჰოფმა.
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ ბრიუსელში ვიზიტით მყოფი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოდან. ევროპარლამენტარებმა მკაფიოდ გამოხატეს მხარდაჭერა ქართველი ხალხის პროევროპული მისწრაფების მიმართ.
Today, @EP_ForeignAff welcomed a group of Georgian civil society leaders.
The European Parliament remains deeply concerned by the continued erosion of democracy and the rule of law in Georgia. (1/7) pic.twitter.com/cU0aO9E9QQ
— davidmcallister (@davidmcallister) June 4, 2025
„მინდა, მივესალმო ქართველი სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, რომლებიც სხდომას ესწრებიან. ძვირფასო სტუმრებო, ნება მომეცით, გითხრათ, რომ თქვენ და თქვენმა მეგობრებმა აჩვენეს გამორჩეული სიმამაცე დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ევროპული მომავლის დაცვის მშვიდობიან ძალისხმევაში. თქვენი აქ ყოფნა საგარეო კომიტეტზე ძლიერი გზავნილია, რომ ქართველი ხალხი ერთგული რჩება ევროპული ღირებულებებისა და თქვენ არ ხართ მარტო“, – აღნიშნა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა.
საგარეო კომიტეტის შემდეგ დოკუმენტს კენჭს უკვე სტრასბურგში, პლენარულ სესიაზე უყრიან.