მთავარიამერიკაკუბაკუბაზე მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება

კუბაზე მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება

უკვე რამდენიმე თვეა, რაც კუბაზე ელექტროენერგია მთელი ქვეყნის მასშტაბით ითიშება. მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეებს უშუქობაში ატარებს. მათ სახლის საქმეების გასაკეთებლად ალტერნატიული გზების მოძიება უწევთ.

კუბის დედაქალაქ ჰავანის გარეუბანში მცხოვრები მჭედელი ედინექტორ ვასკესი და მისი მეუღლე იდალმის სუარესი სახლსა და სამუშაო სივრცეს ლამპებით ანათებენ. უშუქობის მიუხედავად, ედინექტორი საკმაოდ დაკავებულია, რადგან ის ლითონის ნარჩენებისგან ამზადებს ნახშირის ღუმელებს, რომლებზეც ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ მოთხოვნა გაიზარდა.

„გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რომ ცხოვრება გავაგრძელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაიკეტები, რაც არაფრისმომცემია. გათბობისა და ელექტროენერგიის გათიშვა ადამიანზე ძალიან ცუდად მოქმედებს. შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემებიც გამოიწვიოს”, – ამბობს ედინექტორ ვასკესი.

ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის გამო ჰავანაში მცხოვრებმა ნატივიდად ჰერნანდესმა მზის პანელები შეიძინა. თუმცა საკმარისი თანხა არ ჰქონდა იმისთვის, რომ პანელები ბატარეებზე აემუშავებინა. შესაბამისად, მას მზის პანელების გამოყენება მხოლოდ დღისით შეუძლია.

„როცა ელექტროენერგია არ არის, გენერატორს ვრთავ. სამწუხაროდ, პანელები ღამით არ მუშაობს, რადგან ბატარეები არ არის მიერთებული. თუმცა მე პრობლემის გადაჭრის გზებს ვეძებ. ბატარეებისა და დენის ინვერტორის ყიდვას ვაპირებ, რომ პანელები ღამითაც გამოვიყენო“, – ამბობს ნატივიდად ჰერნანდესი.

კუბის პრეზიდენტის მიგელ დიას-კანელის განცხადებით, ელექტროენერგიის გათიშვა მისი მთავრობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. გასული რვა თვის განმავლობაში კუნძულზე ელექტროენერგია სრულად ოთხჯერ გაითიშა. მთავრობაში ამბობენ, რომ მოეწყობა მზის პანელების პარკები და არსებული გენერატორები შეკეთდება, რაშიც კუბას ჩინეთი და რუსეთი დაეხმარებიან. თუმცა ამ დრომდე პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით, დიდი პროგრესი არ არის და მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ უშუქობაში უწევს ცხოვრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend