გერმანიის ქალაქ კიოლნის ცენტრიდან 20 000-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო.
სპეციალისტები მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 3 აუფეთქებელი ამერიკული ბომბის გასანეიტრალებლად, ემზადებიან. ბომბები ამ კვირის დასაწყისში აღმოაჩინეს.
ომის დასრულებიდან 80 წლის შემდეგაც კი გერმანიაში ხშირად პოულობენ ომის დროს ჩამოგდებულ, აუფეთქებელ ბომბებს. ეს კიოლნის ყველაზე მასშტაბური ევაკუაციაა 1945 წლის შემდეგ.
ბომბები 2 ივნისს, გზის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. ისინი დოიცის რაიონში იპოვეს, კიოლნის ისტორიული ცენტრიდან რაინის მდინარის გადაღმა.
საცხოვრებელი სახლების გარდა, ტერიტორიაზე 58 სასტუმრო, 9 სკოლა, რამდენიმე მუზეუმი, საოფისე შენობა და რკინიგზის სადგურია. გეგმის მიხედვით, ბომბები დღის განმავლობაში უნდა განეიტრალდეს.