გაერომ მორიგი რეზოლუცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და გმობს რუსულ ოკუპაციას. გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე 107-მა სახელმწიფომ კვლავ დაადასტურა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება.
წლიდან წლამდე, რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი ისევ მზარდია. მათი უმეტესობა, ვინც 2024 წელს ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ახლა მომხრეა, რომ საკუთარ სამშობლოში იძულებით გადაადგილებულ პირებს მიეცეთ საშუალება, დაუბრუნდნენ რუსული აგრესიის გამო მიტოვებულ სახლ-კარს.
„ძვირფასო დელეგატებო, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება კვლავ მძიმე რჩება. იქ მყოფები ადამიანის საბაზისო უფლებების დარღვევის, ასევე იზოლაციისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. ეს ფაქტები სისტემატურად ხვდება ადამიანის უფლებათა ანგარიშებში, სადაც საუბარია იმ დისკრიმინაციულ მიდგომებზე, რომელთა სამიზნეები ხდებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველები. მათ შორისაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა, თავისუფალი გადაადგილების უფლება, ჯანდაცვის უფლება, უკანონო დაკავება, მშობლიურ ენაზე საუბრის უფლება. ადამიანის უფლებების კომისრის ბოლო ანგარიშში ის აყალიბებს რეკომენდაციებს, რომელთა თანახმადაც, ციტატა: „დაუყოვნებლივ და ზედმიწევნით იყოს შესწავლილი ადამიანის უფლებების დარღვევის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ყველა ფაქტი, გამოვლინდეს და დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი, ასევე შეწყდეს თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვის პრაქტიკა“. – ციტატის დასასრული. ამ რთული ვითარების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება კვლავინდებურად მტკიცედ რჩება სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელიც დაფუძნებულია დეპოლიტიზებულ მიდგომებსა და ეფექტურ მექანიზმებზე, რაც მიზნად ისახავს ომით დაზარებულ საზოგადოებასთან მშვიდობის დამყარებას… რეზოლუციის ტექსტი უცვლელი რჩება, რადგან მისი დებულებები კვლავ შეუსრულებელია.“ – განაცხადა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ.
საქართველოს შესახებ გაეროს რეზოლუციის მოწინააღმდეგე რუსეთის გარდა, მისი მოკავშირე 9 სახელმწიფო იყო – მათ შორის ჩრდილოეთ კორეა და ბელარუსი. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ დონეზე მინსკი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკა დროდადრო ხვდება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო „პრეზიდენტებს“.
მოსკოვმა რეზოლუცია კვლავ გააკრიტიკა. სიტყვით გამოსვლისას, გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება დაადანაშაულა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან ციტატა მოიყვანა.
„ნება მომეცით მოვიყვანო საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ განცხადების ციტატა, 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. ციტატა: „ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი სამართლიანად აყენებს ეჭვქვეშ მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურობას. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურული ქცევები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარე ძალების ბრძანებებისა და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო. ჩვენს ქვეყანაში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საჯარო სამართლებრივი პროცესის ორგანიზება, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა ეს ჩვენი ქვეყნისა და ერის წინააღმდეგ.“ – ციტატის დასასრული. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს განცხადება ეკუთვნის საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს. ამასთან დაკავშირებით, მსურს, ყურადღება გავამახვილო დღევანდელი რეზოლუციის თანა-სპონსორებზე. მათი უმრავლესობა დასავლური სახელმწიფოებია. რთული წარმოსადგენია, რომ ევროპული ქვეყნები, რომლებიც გულგრილად უყურებენ ხმელთაშუა ზღვაში ათასობით ლტოლვილის სიკვდილს, უეცრად დაინტერესდნენ საქართველოსა და ოსეთის ლტოლვილებით… ოსი და აფხაზი ხალხის დაცვის მიზნით, 2008 წლის 26 აგვისტოს, ჩვენმა ქვეყანამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.“ – განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მარია ზაბოლოცკაიამ.
გაეროს რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა ჩამონათვალში აღარ არის სირია, სადაც ბაშარ ალ-ასადის მმართველობა 2025 წლის დასაწყისში დასრულდა. საქართველოს შესახებ კენჭისყრაში დამასკომ არჩევანი არც მოსკოვის სასარგებლოდ გააკეთა და არც თბილისის. თავშეკავებულთა რიგებში აღმოჩნდნენ, მათ შორის, სერბეთი, ისრაელი, ირანი, ინდოეთი, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი.
თავი შეიკავა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც – იმ ფონზე, როდესაც მთავრობის წევრები აბუ-დაბისთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე ბოლო დროს ხშირად საუბრობენ.
რეზოლუციის თანაინიციატორი 63 ქვეყნიდან უმეტესობა დასავლური სახელმწიფოა. პარტნიორები კვლავ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და გმობენ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა უფლებრივ მდგომარეობას.
„2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კვლავ რუსეთის მიერაა დარღვეულია, ხოლო ათასობით პირს არ აქვს შესაძლებლობა, დაბრუნდეს საკუთარ სახლებში. მათი მდგომარეობა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებს. როგორც გაეროს გენერალური მდივნის 2025 წლის იანვრის ანგარიშშია აღნიშნული, 299 172 პირი კვლავ იძულებით გადაადგილებულის სტატუსით არის რეგისტრირებული. გაეროს მიერ მიღებული არაერთი რეზოლუციის მიღების მიუხედავად, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ლტოლვილთა საკითხზე ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა ხელშესახები წინსვლის მიღწევა. რუსეთი და ამ რეგიონების ე.წ. „ხელისუფლებები“ კვლავ არ აძლევენ საშუალებას ეთნიკურად ქართველებს, დაბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებლებში და მათ მიმართ დისკრიმინაციულ პოლიტიკას ატარებენ, როდესაც არ აძლევენ მათ თავისუფალი გადაადგილების, ასევე ჯანდაცვის სერვისებისა და სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალებას… სამწუხაროდ, ადამიანის უფლებებზე მომუშავე მონიტორინგის არც ერთ ჯგუფს არ ჰქონდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარების დაუბრკოლებლად შეფასების შესაძლებლობა…“, – განაცხადა გაეროში ლიეტუვის მუდმივმა წარმომადგენელმა, რიტის პაულაუსკასმა.
რეზოლუციას „ოკუპირებული რეგიონების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ საქართველო 2008 წლის მაისიდან ყოველწლიურად წარადგენს. ყოველწლიურად რუსეთი და მისი მოკავშირეები ხმას აძლევენ დევნილების უფლების წინააღმდეგ, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.
