პარლამენტში მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება.
4 ივნისის სხდომაზე კომისიის შემადგენლობამ მოუსმინა აკადემიკოს ლია მელიქიშვილს. მისი შეფასებით, საქართველოს ყოფილი ხელისუფლება „რეფორმის“ საბაბით უნივერსიტეტებში საკადრო წმენდას მიმართავდა და მეცნიერების სფეროს მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა.
„ის მიზანი დღეს ჩანს იმიტომ, რომ მეცნიერება დღეს ძალიან ცუდ დღეშია… შედეგი ეს არის… იმათ ჰქონდათ რაღაცა წვრილი მიზნები. მაგალითად, ჩემს ინსტიტუტზე მოვყვები.
ყველა ინსტიტუტში არ მომხდარა ასე, ზოგან მოხდა და ჩვენთან მოხდა ასე. იქ ითქვა, რომ შევამციროთ, გავაძევოთ ყველანი. წავიდნენ ესენი, რომ ხელფასი მოგვემატება. მე გეტყვით ახლა, ხელფასის მომატება რას ნიშნავდა. მე ვიყავი კავკასიის ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე და მქონდა 120 ლარი ხელფასი. ბატონი დავით მუსხელიშვილი იყო ჩვენი დირექტორი ისტორიის ინსტიტუტში და ჰქონდა 140 ლარი ხელფასი. როდესაც მათ ეს თქვეს ოფიციალურად სხდომაზე, ეს არ დაუმალავთ, რომ ხელფასი მოემატებოდათ…“ – თქვა აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შეიქმნა. თავდაპირველად კომისიას სამუშაოდ 1 თვე ჰქონდა განსაზღვრული, თუმცა მმართველმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოს კომისიის მუშაობის გახანგრძლივების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა.
