აქტივისტ ალბი კორძაიას, რომელსაც თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო – მან ბრალდების პოზიცია გაიზიარა და ალბი კორძაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2 აპრილს აქტივისტმა თეა წულუკიანს ხმის გამაძლიერებლის გამოყენებით „რუსეთის მონა“ და „ქვეყნის მოღალატე“ უწოდა. მაშინ აქტივისტები თეა წულუკიანის სახლთან მის მიერ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გაკეთებული განცხადებების გასაპროტესტებლად მივიდნენ.
როგორც პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ალბი კორძაიას ქმედებით არა მხოლოდ თეა წულუკიანს შეექმნა დისკომფორტი, არამედ „სხვა მოქალაქეებიც შეწუხდნენ.“