მთავარისაქართველოპოლიტიკური სუბიექტების პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე

პოლიტიკური სუბიექტების პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე

2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სუბიექტების მიდგომა კვლავ განსხვავებულია.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, საიდანაც გამოსავალს მხოლოდ არჩევნების გზის გამოყენებაში ხედავს. „ქართული ოცნების“ ოპონენტთა ამ ნაწილისთვის ეს გზა, მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნებზეც გადის.

„ჩვენ არანაირ ბულინგს არ ვექვემდებარებით. არც ქვეყნის გარედან თუ შიგნიდან რაიმე გადაწყვეტილებას ველოდებით. ჩვენ ძალიან პრაგმატულად და თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს. ამას ვუთანხმებთ მხოლოდ ჩვენს ამომრჩეველს. რა თქმა უნდა, ძალიან რთული ვითარებაა, რადგან რიგი პარტიები ამ პროცესის რადიკალიზებას ცდილობენ“, – განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა.

გიორგი გახარიას გუნდის მსგავსად ფიქრობენ კოალიციაში „ლელო-ძლიერი საქართველო“. პოლიტიკურ გაერთიანებაში ამბობენ, რომ საჭიროა ყველა სცენარის განხილვა და ერთობლივი დისკუსია.

ოპოზიციურ ფლანგზე ჯერჯერობით ჭარბობენ ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება პრინციპებისა და აქციებისას დაკავებული პირების ინტერესების ღალატის ტოლფასია. „ქართული ოცნების“ ოპონენტთა ნაწილი ამბობს, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი საკითხის განხილვა, რომელიც ოპოზიციის რიგებში სერიოზულ უთანხმოებას იწვევს.

„როდესაც 50-ზე მეტი პატიმარი გვყავს ციხეებში გამოკეტილი და მათი გათავისუფლების პერსპექტივა არ იკვეთება, როდესაც გვყავს სანქცირებული ხელისუფლება, ამ პირობებში იმ თვითმმართველობის არჩევნებში „შესვლა“, რომელსაც ატარებენ ირაკლი კობახიძე, გიორგი კალანდარიშვილი და სანქცირებული ცესკო, ჩვენთვის ფარსში მონაწილეობას ნიშნავს“, – თქვა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ.

“თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა ნიშნავს წინააღმდეგობის კაპიტულაციას და რეჟიმის ნორმალიზაციას – მისთვის ახალი სუნთქვის გახსნას და ცვლილების გადავადებას…” – წერს “ფედერალისტების” თავმჯდომარე, თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუკის” პირად გვერდზე.

„თავისუფლების მოედანი” არ აპირებს დემოკრატიის დასამარების წინასწარ გამოცხადებულ გეგმაში მონაწილეობას. დღეს საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაცია არც დამოუკიდებელია და არც მიუკერძოებელი, არსებობს გაყალბების უამრავი შესაძლებლობა, ხოლო არჩევნებზე დაკვირვებისა კი – აღარ…

არჩევნებში მონაწილეობა ნებისმიერი პარტიის მთავარი ფუნქციაა, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები ახლად შექმნილი პარტიის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობაა. ამიტომ, თუ ვითარება შეიცვლება და ჩვენს ამომრჩევლებთან ერთად დავრწმუნდებით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში დემოკრატიული ძალების მობილიზაცია და მონაწილეობა „ქართული ოცნების” წასვლას დააჩქარებს და ხელს შეუწყობს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პატიმრების გათავისუფლებას, ამას სათანადო მზადყოფნით შევხვდებით – გვჯერა, რომ „ოცნებას” ნებისმიერ სამართლიან არჩევნებს მოვუგებთ…“ – წერია პოლიტიკური მოძრაობის, „თავისუფლების მოედნის“ განცხადებაში.

ამავე პოზიციაზეა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი ინიციატივით შექმნილი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მიზანი „ქართული ოცნების“ იძულებაა, დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.

„ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე ამას ვერ მივაღწიეთ, თუ არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები. ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც არ შეიცვლება თავისი მეორე მოთხოვნით, რომელიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის წესებით, ივანიშვილის და მისი სუს-ის კონტროლის ქვეშ. ამისთვის ჩვენ მოვამზადეთ სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენს პოზიციებს და მოთხოვნებს, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები“, – თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

ოპოზიციის განცხადებების ფონზე, უცვლელია „ქართული ოცნების“ მიდგომა. მმართველი პარტია ისევ ამბობს, რომ არჩევნებში ოპონენტთა მონაწილეობა-არ მონაწილეობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გეგმებს ხელს არ უშლის.

„ისინი საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ადგენენ და რადიკალებში ერთიანობა ვერ იქნება. მათ მხოლოდ ქვეყნის მიმართ სიძულვილი აერთიანებთ. ამიტომ ვერაფერზე თანხმდებიან. სურვილი თუ გაქვს, პოლიტიკურ ზედაპირზე დარჩე, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღო. რაც უფრო ნაკლები რადიკალი და ექსტრემისტი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ქართული დემოკრატიისთვის მით უკეთესი იქნება. რადიკალური ოპოზიცია უმძიმესს მდგომარეობაშია, მათ შორის მხარდაჭერის კუთხით. მათი რეიტინგი ლამის ნულთან არის მიახლოებული“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის პირველ შაბათს უნდა გაიმართოს. მასში მონაწილე სუბიექტების საბოლოო სია საზოგადოებამ 5 აგვისტოს უნდა შეიტყოს – დღეს, როცა ცესკოში პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის ვადა ეწურება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend