ზუსტად შვიდი თვის შემდეგ, რაც ნოვი–სადში რკინიგზის სადგურზე ბეტონის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 16 ადამიანი დაიღუპა, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო საპროტესტო ტალღა გამოიწვია, სერბეთში ათასობით დემონსტრანტმა დედაქალაქ ბელგრადში ხიდები გადაკეტა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მსვლელობები მოაწყო.
სტუდენტების ხელმძღვანელობით აქციები ჩატარდა ქვეყნის 30-ზე მეტ ქალაქში. რამდენიმეთვიანი უწყვეტი პროტესტით სერბებს სურთ, აიძულონ პრეზიდენტი ვუჩიჩი, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ გააგრძელებენ ბრძოლას და ქუჩაში გამოვლენ, რამდენი ხანიც საჭირო იქნება.
სერბეთში ბევრს სჯერა, რომ ნოვი–სადში 1 ნოემბერს დატრიალებული ტრაგედია სადგურის შენობაში ხარვეზებით ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგი იყო. მათი აზრით, ხელისუფლება ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებთან კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობდა,
ვუჩიჩი, რომელსაც კრიტიკოსები ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სერბეთში ავტორიტარული მმართველობის დაწესებაში ადანაშაულებენ, თავდაპირველად არც განიხილავდა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს, თუმცა პარასკევს განაცხადა, რომ ის შეიძლება ჩატარდეს, თუმცა ზუსტად როდის, არ უთქვამს.
კვირას აქციის მონაწილეებმა ნოვი–სადის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს, მოეწყო ასევე სტუდენტთა მსვლელობა. ბელგრადში მოქალაქეებმა გადაკეტეს მდინარე სავის ორი მთავარი ხიდი, ნოვი–სადში კი მომიტინგეები მივიდნენ ცენტრალური რკინიგზის სადგურთან, სადაც ტრაგედია დატრიალდა.