„ბრიტანეთის არმიის მთავარი მიზანი საბრძოლო მზადყოფნა იქნება“ – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა შოტლანდიაში, საზღვაო ძალების გემთსაშენ ქარხანაში, მუშებთან შეხვედრისას განაცხადა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერის თანახმად, დიდი ბრიტანეთი საბრძოლო მასალის მწარმოებელ სულ მცირე 6 ახალ ქარხანას ააშენებს, ასევე 12-მდე მოიერიშე წყალქვეშა ნავს ააგებს.
კირ სტარმერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს არ შეუძლია რუსეთის მიერ წარმოქმნილი საფრთხის იგნორირება.
მან პირობა დადო, რომ სამ ათწლეულზე მეტი ხნის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბრიტანეთის თავდაცვით სისტემაში ყველაზე მასშტაბურ ცვლილებებს განახორციელებს და არმიას ევროპაში ომისთვის მოამზადებს.
„დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ვაპირებთ, გაერთიანებულ სამეფოში საბრძოლო მასალის მწარმოებელი, სულ მცირე, ექვსი ახალი ქარხანა ავაშენოთ, რაც ათასზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. ევროპის შემაკავებელი ძალის გასაძლიერებლად ჩვენ დიდ ბრიტანეთში ათასობით ახალ, შორი მოქმედების იარაღს ვაწარმოებთ, რაც დაახლოებით 800 დამატებით სამუშაო ადგილს შექმნის. ჩვენ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაში ინვესტიციების განხორციელებით.
National security is central to our Plan for Change.
We will:• Deliver the largest sustained increase in defence spending since the Cold War.
• Invest in better housing for military families.
• Create more skilled jobs in new weapons factories.
This is just the start.
— Keir Starmer (@Keir_Starmer) June 1, 2025
აშშ-სა და ავსტრალიასთან ალიანსის ფარგლებში ჩვენ ავაგებთ 12-მდე მოიერიშე წყალქვეშა ნავსაც, რომლებიც ბრიტანეთის წყლებს დაიცავენ. გავაფართოებთ ბაროუს სამრეწველო ბაზას და მიწოდების ჯაჭვის მთელ ხაზს, რათა ყოველ 18 თვეში ახალი წყალქვეშა ნავი ავაგოთ.
დღეს, შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ 15 მილიარდ ფუნტ სტერლინგს ვდებთ ჩვენს სუვერენული ქობინების პროგრამაში, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი შემაკავებელი ძალების მოქმედება მომავალი ათწლეულების განმავლობაში, რაც შექმნის 9 000 სამუშაო ადგილს. ეს ჩვენი ბირთვული შემაკავებელი ძალის ისტორიული განახლების ნაწილია, როგორც ჩვენი უსაფრთხოებისა და დაცულობის საბოლოო გარანტი.
ჩვენ გადავდივართ საომარ მზადყოფნაზე, ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების მთავარი მიზანი იქნება. როდესაც ჩვენ პირდაპირ გვემუქრებიან განვითარებული სამხედრო ძალების მქონე სახელმწიფოები, მათი შეკავების ყველაზე ეფექტური გზაა, მზადყოფნაში ვიყოთ და ცხადად ვაჩვენოთ მათ, რომ მზად ვართ ძალის მეშვეობით მშვიდობის დასამყარებლად”, – განაცხადა კირ სტარმერმა.