კატეგორიები

FARA ქართულად ამოქმედებულია – ვის ეხება კანონი?

FARA ქართულად ამოქმედებულია – ვის ეხება კანონი?

უკვე კარგად ნაცნობი კანონი „FARA ქართულად“ ამოქმედებულია. ამიერიდან, ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ვინც რაიმე სახის დაფინანსებას იღებს უცხოეთის ქვეყნებიდან, პოტენციურ აგენტად აღიქმება. ხოლო ვისზე გავრცელდება კანონის ნორმები, ამას უკვე სახელმწიფო გადაწყვეტს.

„ქართული ოცნების“ მიერ ამერიკული კანონის ქართულ ანალოგად წოდებული FARA-ს სამიზნე არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ნებისმიერი ორგანიზაცია, ფონდი თუ ფიზიკური პირია. შესაბამისად, ანტიკორუფციულმა ბიურომ შესაძლოა აგენტებად გამოაცხადოს ყველა, ვის საქმიანობასაც საეჭვოდ მიიჩნევს.

მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ამ კანონის ამოქმედებით სუვერენიტეტსა და მშვიდობას იცავენ.

„ბოლო წლებში რამდენიმე მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალების, არსებული ხელისუფლების დამხობის. ეს ყველაფერი ვიცით, რომ გარედან ფინანსდებოდა. მათ ჰყავდათ და ჰყავთ თავიანთი პატრონები, რომლებისთვისაც მთავარი ამოცანაა, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს, რადგან პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას, რომელიც ხალხის ინტერესებს იცავს. ეს არ მოსწონთ. იმიტომ არის, თუნდაც, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით [კრიტიკა]. კანონი, რომელიც ერთ რამეს მოითხოვს – ვიცოდეთ, საიდან შემოდის თანხა და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება. თუმცა ჩვენ ხომ ვიცით, სად მიდიოდა ეს თანხები და ვინ აფინანსებდა ამ ყველაფერს.

ეს არის მარტივი მოცემულობა. ვერ შეძლეს, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ თავიანთი აგენტურა, რომლებიც მზად იყვნენ, ყველაფერი გაეკეთებინათ, რასაც პატრონები დაავალებდნენ, თუნდაც, ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„ამერიკული კანონის სახელით რუსული მიზნების კანონი“ – ასე აფასებენ ოპოზიციონერი ლიდერები სხვადასხვა პარტიიდან იმ კანონის ამოქმედებას, რომელიც მათი თქმით, განსაკუთრებით სამოქალაქო სექტორსა და მედიას, შემდეგ კი ინდივიდუალურ, ფიზიკურ პირებს შეეხებათ და დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააქრობს. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“, პირველ რიგში, საკუთარი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს.

„ტყუილია, როდესაც „ქართული ოცნება” საუბრობს, რომ ამ ე.წ. FARA-ს რაიმე კავშირი აქვს გამჭვირვალობასთან. „ოცნების” პირობებში გამჭვირვალობის მიზანი არის ტყუილი. პირველ რიგში, საკუთარი თავით უნდა დაიწყონ გამჭვირვალობა. ასეთ ქვეყანაში, სადაც კორუფცია იქცა მართვის მთავარ ბერკეტად, როდესაც სხვის გამჭვირვალობაზე საუბრობენ, მინიმუმ მორალურად მაინც არის არასწორი. მეორეც, იმ ქვეყნებში, სადაც FARA ან მისი მსგავსი კანონები მოქმედებს ობიექტურად, სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეებს არ აწინაურებენ და არ ანდობენ სასამართლო სისტემას”, – აცხადებს „გახარია – საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური.

FARA-ს სისტემაში დაურეგისტრირებლობის ან კანონის ნორმების დარღვევის შემთხვევებში სასჯელი განსხვავებულია. ყველაზე მძიმე ფორმა 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმება, ან ხუთწლიანი პატიმრობაა. ამ კანონის ამოქმედებას საქართველოს დემოკრატიული გზიდან გადახვევად მიიჩნევენ დასავლელი პარტნიორები. შეერთებული შტატები და ევროკავშირი კანონის გაუქმებასა და საქართველოს კვლავ ევროპულ გზაზე დაბრუნებას მოითხოვენ.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები