2 ივნისის დილიდან სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ.
მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ სტუდენტებს – თათია აფრიამაშვილს, ლიკა ლორთქიფანიძესა და ლუკა ნაცვლიშვილს.
ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა პროტესტს შეუერთდნენ მათი თანატოლები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდანაც. ისინი ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ რეპრესიული პოლიტიკის გატარებით ცდილობს, ჩაახშოს მოქალაქეთა უწყვეტი, ექვსთვიანი პროტესტი და დააშინოს მასში მონაწილე თითოეული მოქალაქე. სტუდენტთა თქმით, მსგავს მეთოდებს მიმართეს რუსეთისა და ბელარუსის მთავრობებმაც და ამ სახელმწიფოებში ავტორიტარული მმართველობა დაამყარეს.
„როცა ერთი სტუდენტი ხდება პატიმარი, მაშინ მისი ხმა უნდა გააჟღერონ სხვა სტუდენტებმა და ამ რეალობაში სწორი იქნებოდა, რომ ქუჩები სავსე იყოს სტუდენტებით, მაგრამ ასე არ არის. ალბათ, ვერ ვაცნობიერებთ რეალობას და ვერც იმას, რა გვემუქრება… სამედიცინო სფერო ემპათიისა და თანაგრძნობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. არ არსებობს ადამიანობა თანადგომის გარეშე…
სამედიცინო სფეროს განსაკუთრებით შეეხო რეპრესიები, უმოწყალოდ სცემეს ჩვენს კურსელებს, დააპატიმრეს გიორგი მინდაძე, რომელსაც არ აცადეს ექიმად გახდომა, გიორგი ახობაძე და ირაკლი ქერაშვილი, რომლებსაც უბრალოდ ექიმობა არ დააცადეს და ჩვენი სფერო სამარცხვინოდ დუმს. ვერ აჩვენა ის წინააღმდეგობა, რაც საჭირო იყო. იგივე შეიძლება ითქვას სტუდენტებზეც – რეალურად ვერ მოხერხდა შექმნილიყო მძლავრი სტუდენტური ქსელი ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა.
2 ივნისს ილიაუნის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადა. ისინი უერთდებიან უწყვეტი პროტესტის ორ ძირითად მოთხოვნას – გათავისუფლდნენ პროევროპული დემონსტრაციებისას დაკავებული პირები და დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.
სტუდენტების ნაწილმა პროტესტის ამ ფორმას მიმართა მას შემდეგ, რაც 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა პროტესტში მონაწილე თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს.
მათ მიმართ ადმინისტრაციული სასჯელის დაკისრება მოჰყვა 17 მაისს, ერთ-ერთ კაფეში მომხდარ ინციდენტს, რომლის შემდეგაც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა სამ აქტივისტს უჩივლა. მათგან ორის წინააღმდეგ შსს პატიმრობას ითხოვდა. კიდევ ერთ აქტივისტ მაგდა მამუკაშვილს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა.
მმართველი პარტიის დეპუტატის სარჩელების საფუძველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიმდინარე წლის თებერვალში შესული ცვლილება. უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ რეპრესიულად შეფასებული საკანონმდებლო ჩასწორებების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა. კერძოდ, პოლიტიკოსის ან სამართალდამცველის შეურაცხყოფისთვის პირი შეიძლება დაჯარიმდეს 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით, ან მას შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით.
