სასამართლომ დამნაშავედ ცნო საპროტესტო აქციებისას დაკავებული გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე, რომელთაც რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების დაზიანებას ედავებოდნენ. მოსამართლე ლილი მსხილაძემ მათ 3-3 წლით თავისუფლებას აღკვეთა მიუსაჯა.
ბრალდებულები დანაშაულს აღიარებდნენ, მზად იყვნენ ზიანი, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, 11 200 ლარს შეადგენდა, აენაზღაურებინათ და საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინათ, თუმცა პროკურატურამ ამაზე უარი განაცხადა.
გურამ ხუტაშვილსა და დანიელ მუმლაძეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მუხლი 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
