მთავარისაქართველოსენატორ სტივ დეინსის ვიზიტი თბილისში

სენატორ სტივ დეინსის ვიზიტი თბილისში

სენატორი სტივ დეინსი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. საუბარი მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა. მთავარი სასაუბრო საკითხები აშშ-საქართველოს ურთიერთობებს ეხებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის მერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს, რაზეც ირაკლი კობახიძის პოზიციაა, რომ ამ მხრივ ქვეყანაში სტაბილურობა უზრუნველყოფილია. აქვე ვკითხულობთ, რომ ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მზადყოფნა გამოთქვა. ის მიიჩნევს, რომ პროცესი კონკრეტულ გზამკვლევს უნდა დაეფუძნოს.

კანცელარიის ინფორმაციით, სენატის საგარეო კომიტეტის წევრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს. ითქვა, რომ ქვეყანას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საკვანძო როლი აქვს.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა აშშ-ის სენატორ სტივ დეინსთან. განვიხილეთ საქართველო-აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა, ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე საქართველოში არსებული პოლიტიკური კონტექსტი.

კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი მთავრობის მტკიცე მზადყოფნა, გადაიტვირთოს და განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რაც იქნება დამყარებული მკაფიო და ქმედით გზამკვლევზე და სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას. საქართველო რჩება სანდო პარტნიორად, რომელიც ქვეყნებს სტრატეგიულ შესაძლებლობებსა და მრავალმილიონიან ძლიერ ბაზრებზე წვდომას სთავაზობს”, – წერს X-ზე ირაკლი კობახიძე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკელი სტუმარიც ეხმაურება. სენატორი სტივ დეინსი პლატფორმა X-ზე წერს, რომ მიესალმება აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებაზე წარმართულ დისკუსიას და მოუწოდებს თბილისს პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციასთან მჭიდროდ იმუშაოს. სენატის საგარეო კომიტეტის წევრმა ყურადღება გაამახვილა ასევე საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე კავკასიაში.

„სენატორი დეინსი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში. აგრეთვე მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპსა და მის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით”, – წერს X-ზე სტივ დეინსი.

მანამდე რესპუბლიკელი სენატორი საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილს შეხვდა. როგორც ოპოზიციაში ჰყვებიან, ისაუბრეს ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, იმ კანონდარღვევებზე, რომლებსაც მათი თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლება ქვეყანაში ახორციელებს. მათ შორის საუბარი შეეხო პოლიტიკური პატიმრებისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში არსებულ სხვადასხვა საკითხს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ სტივ დეინსის ვიზიტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონი ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უჭერს მხარს.

„სენატორი დეინსი შეხვდა სალომე ზურაბიშვილსა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რათა განეხილა საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა აშშ-სთვის, წუხილი ოპოზიციონერი ლიდერების ბოლოდროინდელ დაკავებასთან დაკავშირებით, აგრეთვე პროდასავლური საქართველოს საჭიროება, რათა უზრუნველყოფილი იყოს რეგიონის კეთილდღეობა, პროგრესი და სტაბილურობა”, – წერს ამ შეხვედრის შესახებ აშშ-ის საელჩო. შეხვედრას გამოეხმაურა საქართველოს მე-5 პრეზიდენტიც.


.

„განვიხილეთ არა მხოლოდ შიდა საკითხები: კანონების დარღვევასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ჩვენ წარვუდგინეთ, არამედ სტრატეგიული გამოწვევაც, რაც რეგიონში არსებობს აშშ-სა და საქართველოსთვის და რომელიც აშშ-სგან მოითხოვს მნიშვნელოვან ყურადღებას”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი თბილისში კავკასიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება, ის საქართველოს დედაქალაქში ბაქოდან ჩამოფრინდა. შემდეგი გაჩერება ერევანია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend