ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. დღეს, 30 მაისს, საქმის არსებითი განხილვა დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა.
მხარეთა კითხვებს უპასუხა ქირურგმა-იმპლანტოლოგმა თათია ანდღულაძემ. მან სხდომაზე განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნის შემდეგ საქმეში დაზარალებულად მიჩნეულ ირაკლი დგებუაძეს ტკივილის ფიზიოლოგიური რეფლექსები არ აღენიშნებოდა.
სასამართლო პროცესზე გამოიკითხა „ბათუმელების“ ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილიც. მან 11-12 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენები გაიხსენა და მოჰყვა, თუ რა უძღოდა წინ მზია ამაღლობელის დაკავებას და როგორ განვითარდა მოვლენები ჟურნალისტის ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდეგ.
გამოკითხვის პარალელურად, სასამართლო მანანა ქველიაშვილის მიერ მზია ამაღლობელის დაკავების ღამეს გადაღებულ ვიდეომტკიცებულებებს იკვლევდა.
მოწმემ სხდომაზე გაიხსენა ისიც, რომ 16 დეკემბერს, მზია ამაღლობელის დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია „ბათუმელების“ რედაქტორ ეთერ თურაძეს დაჭერით ემუქრებოდა.
წინასასამართლო პროცესზე საქმეში პროკურატურის მოწმეების გამოკითხვა დასრულდა. ბრალდება სასამართლოზე კიდევ რვა მოწმის წარდგენას აპირებდა, თუმცა 16 მაისის სხდომაზე პროკურორებმა ეს მოწმეები საქმიდან ჩახსნეს.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ავტორიტეტიანი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“, დამფუძნებელი ოთხ თვეზე მეტია პატიმრობაშია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს უცხოელ აგენტებად რეგისტრირებას ავალდებულებს, მზია ამაღლობელის გზავნილი სასამართლო დარბაზიდან ასეთი იყო – „არ გაჩერდეთ, არ დარეგისტრირდეთ“.