ქართული „ლარის” მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი გავიდა. „ლარი” ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წელს შემოიღეს.
„ლარის“ შემოღების 30 წლის აღსანიშნად საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით – „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“ იმართება.
კონფერენციაზე მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს.
სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ. მან ისაუბრა „ლარის” ისტორიასა და ქვეყნისთვის მის მნიშვნელობაზე.
ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, თანამედროვე გამოწვევები და დაამატა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ეროვნული ბანკები ფასების ზრდასა და ინფლაციას ებრძვიან.
“დღევანდელი კონფერენცია იმართება გლობალური და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე. მზარდია გეოპოლიტიკური დაძაბულობა, შეიარაღებული კონფლიქტები, გადავიტანეთ კოვიდპანდემია. ამას მოჰყვა გლობალური დაძაბულობები და მათ შორის რუსეთი-უკრაინის ომი. ასევე სავაჭრო დაძაბულობა დაემატა. შესაბამისად, რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით”, – ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა,
გამომსვლელთა შორის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელმაც ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე ისაუბრა.
“ლარის საიუბილეო წელს საქართველოს ეროვნული ბანკისა და ასევე კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, რეგიონში გვაქვს სამაგალითო საბანკო სექტორი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა სწრაფი ეკონომიკური ზრდით, ამ კუთხით ვართ ერთ-ერთი ლიდერი არა მარტო რეგიონში არამედ, კონტინენტის მასშტაბით”, – ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.
საქართველოს ეროვნული ბანკი „ლარის” საიუბილეო წელთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტებისა და ბანკნოტების გამოცემას გეგმავს.