აქტივისტ თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო. თათია აფრიამაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების” წევრ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა.
თათია აფრიამაშვილის ადვოკატი ფიქრია მახარაძე განმარტავს, რომ საქმეში სამართალდარღვევად წარმოჩენილია ისეთი ფრაზები, როგორებიცაა: „არა რუსულ მონობას“ და „ძირს რუსეთის მონები“.
მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე ანალოგიური სანქციები სხვა პირებსაც შეეხოთ — ლიკა ლორთქიფანიძე 12 დღით დააკავეს, ხოლო მაგდა მამუკაშვილს 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
დეპუტატმა ლაშხმა სარჩელი 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით შეიტანა, როდესაც ერთ-ერთი კაფეს წინ, სადაც ის ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტებმა პერფორმანსი გამართეს. მათ მიმართვებში ისმოდა: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „არა რუსულ რეჟიმს“ და სხვა ანტისამთავრობო შეძახილები.
გადაწყვეტილებები ეფუძნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის საჯარო შეურაცხყოფა ისჯება ჯარიმით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 45 დღემდე ვადით.