ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ქალაქ აახენში კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემია გადაეცა.
სიტყვით გამოსვლისას ევროპელმა ლიდერმა დამოუკიდებელი და ძლიერი ევროპისთვის აუცილებელ პირობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბლოკში გაწევრიანება ტრადიციულად დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი იქნება, თუმცა, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, ახლა ისტორიული მომენტი დგას.
„ეს ისტორიული მომენტია. და ხელიდან არ უნდა გავუშვათ ის. ამ მოწოდებას უნდა ვუპასუხოთ. უკრაინისთვის. დასავლეთ ბალკანეთისთვის. მოლდოვისთვის. იმედია, საქართველოსთვის. ყველა მათთვის, ვინც საკუთარი არჩევანი გააკეთა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„დამოუკიდებელი ევროპისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ჩვენი კონტინენტის მომდევნო ისტორიული გაერთიანებისთვის მუშაობაა. ევროპის იმ ქვეყნების მისაღებად, რომელთაც ჩვენს კავშირში გაწევრების შესახებ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. ეს არამხოლოდ ჩვენი მორალური ვალდებულებაა, არამედ ეს არის წინაპირობა უფრო ძლიერი ევროპისთვის – როგორც მის საზღვრებს შიგნით, ასევე მსოფლიოს მასშტაბით, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. უფრო დიდი, გაერთიანებული ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი დამოკიდებულებების შემცირებას. ის უზრუნველყოფს დემოკრატიის, კეთილდღეობის და სტაბილურობის გაძლიერებას მთელ ევროპაში. რა თქმა უნდა, გაწევრება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი.
დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ისტორია გვიხმობს, როგორც 1989 წელს გვიხმობდა, როდესაც ცვლილებების ქარმა დაუბერა მთელ ევროპაში. უკრაინაში ყოველდღიურად ვხედავთ, თუ რას ნიშნავს ბრძოლა თავისუფლებისთვის.
ბოლო სამწელიწადნახევრის განმავლობაში ვიხილეთ, თუ რამხელა მსხვერპლის გასაღებად არიან მზად ადამიანები. ასე რომ, დიახ, ეს ისტორიული მომენტია. და ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშვათ ის. ჩვენ ამ მოწოდებას უნდა ვუპასუხოთ: უკრაინისთვის,დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, მოლდოვისთვის, იმედია, საქართველოსთვის. ყველასთვის, ვინც საკუთარი არჩევანი გააკეთა – თავისუფალი და მშვიდობიანი მომავლისთვის ჩვენს კავშირში; უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი ევროპისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.