„სილქნეტი“ და Orange გლობალური მნიშვნელობის პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადიან. დღეს, 29 მაისს, „სილქნეტის“ შვილობილ კომპანია Silk Cloud-სა და ევროპული სატელეკომუნიკაციო ლიდერის, Orange Polska-ს, შვილობილ კომპანია Integrated Solutions-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
როგორც „სილქნეტში” ამბობენ, ეს თანამშრომლობა კომპანიას მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, ადგილობრივ ბაზარს მსოფლიო დონის ციფრული გადაწყვეტები შესთავაზოს და გააძლიეროს საქართველოს, როგორც რეგიონში სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური ცენტრის პოზიცია.
„სტრატეგიული პარტნიორობა Integrated Solutions-თან საქართველოში ციფრული სერვისების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. Orange Alliance-ს გლობალურ გამოცდილებასა და ინოვაციურ ხედვაზე დაყრდნობით, გაფართოვდება ჩვენი B2B ICT შესაძლებლობები. ეს თანამშრომლობა კი მოგვცემს უნიკალურ შესაძლებლობას, შევთავაზოთ ადგილობრივ ბაზარს მსოფლიო დონის ციფრული გადაწყვეტები და გავაძლიეროთ საქართველოს, როგორც რეგიონში სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური ცენტრის პოზიცია“, – ამბობს დავით მამულაიშვილი, „სილქნეტის” გენერალური დირექტორი.
დღესვე „სილქნეტის“ გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში სერტიფიცირებულ მონაცემთა ცენტრის დანერგვა იგეგმება. ცენტრი ევროპული ხარისხის სტანდარტებს დააკმაყოფილებს და ბიზნესს მათთვის კრიტიკული ინფორმაციის უმაღლესი დონის უსაფრთხოებით უზრუნველყოფს.
კომპანია „სილქნეტს” Orange-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. „სილქნეტში” მიიჩნევენ, რომ პარტნიორობის ახალი ეტაპი საქართველოს ციფრული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და ეს ხელშეკრულება ქვეყანაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებას წაახალისებს და ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.