პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმყოფება უნგრეთის დედაქალაქში, სადაც „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში მონაწილეობს.
სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ რამდენჯერმე ახსენა ე.წ. „დიფ სთეითი“ და ე.წ. „ლიბერალური ფაშიზმი“. მისი თქმით, მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარემოში აუცილებელია მტრული ძალების დამარცხება და ეროვნული პოლიტიკის გატარება.
„ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი სუვერენიტეტისა და დემოკრატიის უფლება. იყო პროევროპული, არ ნიშნავს, იყო ანტიეროვნული, ანტიქართული. ჩვენ გვწამს, სხვადასხვა ერისგან შემდგარი ევროპის, თავიანთი ძლიერი იდენტობით. სიამაყით ვდგავართ მათ გვერდით, ვისაც უნგრეთშიც და მის მიღმაც, ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ პატრიოტიზმი ღირსებაა და არა ცოდვა. ევროინტეგრაციისადმი ჩვენი ერთგულება მტკიცეა, თუმცა ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს. ორმაგი სტანდარტები ჩვენთვის მიუღებელია.
დღევანდელ არასტაბილურ გარემოში ჩვენ ვხედავთ ბევრ შემაშფოთებელ მოვლენას, აღზევებას იმისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „ლიბერალურ ფაშიზმს“ – აგრესიული და შეუწყნარებელი უცხოური დაფინანსებით გავრცელებული იდეოლოგიისა და მოძრაობის სახით, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დასუსტებას, სიძულვილის წახალისებას, გენდერული და ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას. ის თითქოს იცავს უფლებებს, მაგრამ ანადგურებს ერის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს დასავლეთთან არაფერი აქვს საკამათო, თუმცა მიიჩნევს, რომ ევროპული სახელმწიფოები ე.წ. „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არიან მოქცეულნი.
„ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ ჭეშმარიტი დასავლეთის ნაწილი – თავისუფლების, რწმენისა და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის და არა იმ „დიფ სთეითისა“, რომელიც ცდილობს, მსოფლიოს არაფრად აგრძნობინოს თავი და საკუთარი თავი ყველაფრის მმართველად ჩათვალოს. ჭეშმარიტი, ღირებულებებზე დაფუძნებული დასავლეთი ჯერ კიდევ ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის უნგრეთი. ის ცოცხალია ყველას გულში, ვინც დაიღალა იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლოს სიყვარული დანაშაულია…როდესაც ბოლო პერიოდში საქართველომ მიიღო ზომები საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად, უზრუნველეყო არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა, ჩვენ შევეჩეხეთ დასანქცირების მუქარას, რადგან ჩვენ გავბედეთ გვეთქვა – „მოდით, დავიცვათ საქართველო და ნება მიეცით საქართველოს, თავად გადაწყვიტოს!“” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომზეც. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველომ მშვიდობა შეინარჩუნა და არც საშინაო და არც საგარეო ძალებს არ მისცა საშუალება ქვეყანა „კვლავ გადაქცეულიყო საბრძოლო პოლიგონად“. ამავე თემაზე საუბრისას, მან ახსენა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც, მისი შეფასებით, „უცხოური დაფინანსებით ცდილობენ ღირებულებების გადაკეთებას“.
„ჩვენი ხელისუფლება დასაწყისშივე აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას მოსალოდნელ შედეგებზე. სამწუხაროდ, ამ გაფრთხილებებს ყურადღება არ მიაქციეს. ჩვენ საქართველოში კარგად გვესმის, რა ფასად მოდის ომი და კარგად ვიცით, რა ფასი აქვს მშვიდობას. სწორედ ამიტომ, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ. უკრაინის ომის დაწყებიდან ჩვენ გავუძელით უზარმაზარ ზეწოლას, როგორც საგარეო, ისე საშინაო ძალებისგან, ვისაც სურს, საქართველო კვლავ გადაიქცეს საბრძოლო პოლიგონად.
ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ, მშვიდობის გზა ომის ნაცვლად, სტაბილურობა ქაოსის ნაცვლად. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მშვიდობის მხარეს იდგება, მაგრამ მშვიდობა ყოველთვის მოწყვლადია, თუ მას სიმართლე არ იცავს… წლებია, საქართველო იბრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოებისა და მედიასაშუალებების დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომლებიც პროგრესს კი არ ემსახურებიან, არამედ ცდილობენ ჩვენი ღირებულებების გადაკეთებას“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა საქართველო-ევროკავშირისა და ასევე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზეც ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, დასავლური ქვეყნები თბილისს უსამართლოდ ექცევიან, როდესაც „MEGOBARI აქტის“ მსგავს კანონპროექტებს იღებენ.
„ევროპარლამენტის მიერ მიღებული 6 უსამართლო რეზოლუცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ასევე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი – ე.წ. „მეგობარი აქტი“ – უსამართლოა და ქართველ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს…
იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს „დიფ სთეითს“, რაც უეჭველად დადებითად აისახება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. წარმატებას ვუსურვებთ ახალ ადმინისტრაციას ამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში“.
უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია“ ორდღიანია. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე გეგმავს, შეხვდეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს.