„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს. ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომაზე არც ნიკა მელია და არც ბრალდების მხარე არ გამოცხადებულა.
საქმეზე მორიგი სხდომა ხვალ, 30 მაისსაა ჩანიშნული. დღეს კი პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ხვალინდელ პროცესზე მისვლას არ აპირებდა.
„დიდი ალბათობით, შეიძლება მოგონილი ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავონ, რომ ხვალ მისი სასამართლო პროცესზე მიყვანა უზრუნველყონ“, – განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა TV პირველის ეთერში.
29 აპრილს სასამართლომ ნიკა მელიას ამ საქმეზე 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პოლიტიკოსმა გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
ნიკა მელიას, ისევე, როგორც სხვა არაერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ბრალი სისხლის სამართლის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.