მთავარისაქართველო„მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი“ - გიორგი ბაჩიაშვილი

„მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი“ – გიორგი ბაჩიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართა.

პროცესზე ბრალდებულმა ბიზნესმენმა მისი დაკავების შესახებ ისაუბრა. გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ის 24 მაისს გაიტაცეს და „აირზენას“ თვითმფრინავით საქართველოში ჩამოიყვანეს.

„დღეს კიდევ ერთი ახალი, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ. საერთაშორისო დანაშაული, რომელიც პირადად ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. შაბათს, 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან. თვალები ამიხვიეს. ორი დღე თვალებახვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინებისა და დალაპარაკების საშუალების გარეშე. შემდეგ, პირდაპირ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ თვითმფრინავში და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში“, – თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ბიზნესმენი თავს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრად თვლის და აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ მის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის წესები უხეშად დაარღვია.

„დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობას უწოდებს თავს, ნამდვილად აჯობა თავის თავს. წარმოდგენა არ მაქვს, რა ინფორმაცია მისცეს და რა ტყუილები გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ასეთი მოქმედებები ჩემ წინააღმდეგ, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემი გამოძალვის სპეცოპერაციამ საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა.

საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის, რადგან ინტერპოლის ძებნა შეჩერებული იყო ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად. ინტერპოლს არ გაუჭირდა რამდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემი სისხლის სამართლებრივი დევნა სრულად პოლიტიკურია. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში. ამით დაარღვიეს არა მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არამედ საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა, ამასთან იმ ქვეყნის უამრავი ნორმაც, რომელშიც მე ვიმყოფებოდი“, – განაცხადა ბიზნესმენმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე.

გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ე.წ. „ბიტკოინების საქმეზეც“. ამის გარდა, ბიზნესმენს ბრალი აქვს წარდგენილი კიდევ ორ საქმეზე, საიდანაც ერთი „მტკვარი ჰესს“ ეხება. პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა არაეფექტიანად მართა საინვესტიციო პროექტები და აქტივები, არ მიიღო ზომები რისკების აღმოსაფხვრელად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend