მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობრიტანული არმია მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინში

ბრიტანული არმია მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინში

დიდი ბრიტანეთის არმია სამხედრო სტრატეგიის ცვლილებას გეგმავს. სტრატეგიის დასახელებაა „20-40-40“.  

გაერთიანებული სამეფოს მიზანია თავისი სამხედროების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაიცვას, მოწინააღმდეგეს კი ავტონომიური  სისტემებით დიდი ზიანი  მიაყენოს. ახალი მიდგომა გულისხმობს კონვენციური სამხედრო საშუალებების ნაცვლად უპილოტო ავტონომიური სისტემების მასშტაბურ გამოყენებას.

ბრიტანული სამხედრო ანალიტიკური ორგანიზაციების ინფორმაციით, ახალი მიდგომა ასევე გულისხმობს, რომ საბრძოლო მოქმედებებში ნაკლებად გამოიყენონ ისეთი მძიმე შეიარაღება, როგორიცაა ბრიტანული ტანკი „ჩელენჯერ 3“.

ტანკები საბრძოლო მანევრებში მხოლოდ მაშინ ჩაერთვებიან, როდესაც მოწინააღმდეგის მიმართულებით დრონების 40% უკვე გამოყენებული იქნება.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება დრონებით სადაზვერვო ამოცანების შესრულებასაც. დასახელება „20-40-40“-იც ამას გულისხმობს. აქ იგულისხმება  20% მძიმე ტექნიკა, 40% შემტევი დრონი, 40% სადაზვერვო დრონი. როგორც ბრიტანეთის არმიაში აცხადებენ, ლონდონის თანამედროვე მიდგომებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განაპირობებს.

გარდა ამისა, ბრიტანეთის არმია დიდ ფინანსურ რესურსს დებს დრონების საწინააღმდეგო სისტემების შესაქმნელად. ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ვიდეო, და ერთ-ერთი ასეთი თანამედროვე საშუალება საზოგადოებას წარუდგინეს. „ახალი სისტემა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური რადარების სენსორული კომპლექსით, რომელიც ამჩნევს მცირე მფრინავ ობიექტებს, როგორებიცაა უპილოტო საფრენი აპარატები. ეს იარაღი ნამდვილად დიდი მნიშვნელობისაა, რადგან შეუძლია, დისტანციურად დააზიანოს ელექტრომოწყობილობა. ის მკვეთრად განსხვავდება რადიოელექტრონული ბრძოლის სხვა სისტემებისგან, მაგალითად, ჩასახშობი მოწყობილობებისგან. რადიოსიხშირული იარაღი უშუალოდ აღწევს სამიზნეში და მწყობრიდან გამოჰყავს მისი კომპონენტები“, – ამბობს მართვადი ენერგიის იარაღის განვითარების ჯგუფის წარმომადგენელი გავრცელებულ ვიდეოში.

თანამედროვე ომის წარმოება ორბიტალური თანამგზავრული სისტემების გარეშე წარმოუდგენელია. ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავდაცვითი შესაძლებლობების კოსმოსში გატანას ცდილობს. კოსმოსის ათვისებას გეგმავს დიდი ბრიტანეთიც. ლონდონს კოსმოსში უკვე გაგზავნილი აქვს თანამედროვე სადაზვერვო სისტემა.

ბრიტანელები ყოველდღიურად დაახლოებით 40 თანამგზავრს ისე იყენებენ, რომ ამას ხშირად ვერ აცნობიერებენ. ამასთან, კოსმოსის ეკონომიკა 2030 წლისთვის დაახლოებით ტრილიონ დოლარს მიაღწევს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები კოსმოსშიც დავიცვათ. თავდაცვის კუთხით სამ რამეს ვახორციელებთ: ვიყენებთ თანამედროვე ტიპის თანამგზავრებს ხმელეთზე დაკვირვებისთვის. უზრუნველვყოფთ ზუსტი ნავიგაციისა და დროის სინქრონიზაციის სერვისებს, მაგალითად, რადიოსადგურების სინქრონიზაციას, რაც საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ მაღალი სიზუსტის შეიარაღება. და ასევე ვიყენებთ თანამგზავრულ კომუნიკაციებს, რათა გადაწყვეტილების მიღების უპირატესობა გვქონდეს და სწრაფად ვიმოქმედოთ  გლობალურ დონეზე“, – თქვა გენერალ-მაიორმა პოლ თედმანმა, გენერალ -მაიორი დიდი ბრიტანეთის კოსმოსური სარდლობის ხელმძღვანელია.

ბრიტანეთის არმიის დეტალური გეგმები, რომ შეიარაღების 80% ავტონომიური სისტემებით დააკომპლექტონ, სამხედრო სტრატეგიის ოფიციალურ წარდგენაზე გაცხადდება.

ქვეყნის „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2025“ დასრულების ეტაპზეა. ახალი ცვლილებები მნიშვნელოვნად იმოქმედებს დიდი ბრიტანეთის არმიის რესურსების განაწილებაზე, წვრთნების კონცეფციებსა და სამხედრო ინდუსტრიულ შესაძლებლობებზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend