თბილისი 27-ე მიკროსაფინანსო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. წლევანდელი თემაა „ცვლილებები, შოკები და გადაწყვეტები: მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში“.
კონფერენცია ინკლუზიური ფინანსების ყველაზე დიდი ღონისძიებაა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რომელსაც მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნიდან 400-ზე მეტი დელეგატი ესწრება. მათ შორის, ფინანსური ინსტიტუტების, საინვესტიციო ფონდების, ფინანსურ სფეროს მარეგულირებლების, პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოებისა და სოციალური ფინანსების ინოვატორი კომპანიების წარმომადგენლები.
კონფერენციის მიზანია, ინკლუზიურ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების განხილვა გეოპოლიტიკური და კლიმატური გამოწვევების ფონზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მიკრო და საოჯახო ბიზნესსა და მოწყვლად ჯგუფებზე, როგორებიცაა ქალები, ახალგაზრდები, მიგრანტები და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა.
„კონფერენციაზე გამართულ სესიებზე განვიხილავთ მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონში არსებულ ტრენდებს. სპეციალური სესია გვაქვს საქართველოში მიკროსაფინანსო სექტორთან დაკავშირებით, თუ სექტორი აქ როგორი წარმატებით განვითარდა. საერთაშორისო ექსპერტებსა და ქართული მიკროსაფინანსოებს შეუძლიათ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილებები გაუზიარონ. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ გეოპოლიტიკასა და მის გავლენებზე. განვიხილავთ, თუ რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა და ზოგადად მსოფლიოში. თუ ეს ცვალებადი დღის წესრიგი რა გავლენას ახდეს ჩვენს სამუშაოზე”, – ამბობს მიკროსაფინანსო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი კატარჟინა პავლაკი.
კონფერენცია ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. წელს კი მას პირველად საქართველო მასპინძლობს. კონფერენციის ორგანიზატორების თქმით, კონფერენციის საქართველოში ჩატარება მისი წარმატებული გამოცდილებიდან და მდებარეობიდან გადაწყდა.
„ეს ძალიან საინტერესო კონფერენცია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში იმართება. საქართველო ევროპასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს. ჩვენი მიკროფინანსური ცენტრის მთავარი მიზანი კი კავშირების დამყარებაა. მიკროფინანსურ ინდუსტრიაში ჩვენ ფორმალურ ეკონომიკას ვაკავშირებთ ხალხთან, ფერმერებთან, ემიგრანტებთან, იმ ხალხთან, რომლებსაც სათანადო შესაძლებლობები არ აქვთ. გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, საერთაშორისო დაძაბულობებიდან და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევებიდან გამომდინარე დღევანდელი ჩვენი შეხვედრები და საუბრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მონაწილემ სამი ლაჰუდმა.
კონფერენციაზე 400-ზე მეტ მონაწილეს შორის არიან მიკროსაფინანსოს, ინკლუზიური ფინანსური სექტორის, ბანკების, ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები. ასევე კონფერენციაზე იმყოფებიან ინვესტორები, ციფრული და სხვა სერვისების პროფესიონალები.
