კომუნიკაციის საკითხსა და ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის გზებზე თბილისიდან და ვაშინგტონიდან გზავნილები კვლავ განსხვავებულია.
28 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. დიპლომატიური უწყების თანახმად, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თხოვნით გასამართ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს უნდა მოესმინა თბილისისადმი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი.
ამერიკის საელჩოს რამდენიმე საათში წერილით უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა. დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადება მმართველი პარტიის დამფუძნებლისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. „დაბლოკილი თანხები“, ე.წ. „პირადი შანტაჟი“, „არაფორმალური სანქციები“ – თავის წერილში ბიძინა ივანიშვილმა ეს ტერმინები რამდენჯერმე ახსენა.
„ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განვმარტე და ის კვლავაც უცვლელია. გავიხსენებ, რომ პირადი შანტაჟის პირობებში, შარშან ბატონ ო’ბრაიენსაც ვუთხარი უარი შეხვედრაზე, როდესაც ჩემს მიმართ ჯერ მხოლოდ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა. შეხვედრის შეთავაზება მანამდეც რამდენჯერმე მივიღე და მაშინაც იგივე მიზეზით ვთქვი უარი, რაც წინა ადმინისტრაციას არაერთხელ წერილობითაც განვუმარტე.
წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული, ამერიკულმა მხარემ დამიწესა ჯერ არაფორმალური და შემდეგ, ფორმალური სანქციები. (ჩემ მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს. მაგალითად, შვეიცარიული ბანკი „იულიუს ბერი“ ჩემს მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ მიბრუნებს, რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული“, – წერია ბიძინა ივანიშვილის წერილში.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის თქმით, ორმხრივი ურთიერთობების აღსადგენად მან ამერიკულ მხარეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაც შესთავაზა – მიზეზით, რომ ის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ არ არის და, როგორც წერილში ვკითხულობთ, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული კომპლექსიც ვერ ექნებოდა. როგორც ივანიშვილი ამბობს, ამ შეთავაზებაზე მას უარით უპასუხეს.
„იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამეთუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი. მკაფიოდ განვმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა, ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა…“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის მიერ გავრცელებულ წერილში.
ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, ამერიკის საელჩოს განცხადების მიზანს „გაურკვეველს“ უწოდებენ „ქართული ოცნების“ წევრებიც. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, თუკი ვაშინგტონს თბილისთან კომუნიკაცია სურს, ამისთვის შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები და თანამდებობის პირები არსებობენ.
„პრეზიდენტ ტრამპის მილოცვის შემდეგ, ეს განცხადება ცოტა არ იყოს უცნაურია. როგორც თავად საუბრობენ, რამდენიმე დღის წინანდელი ამბავია და მაინცდამაინც ტრამპის მილოცვის შემდეგ, მეორე დღეს ამ საკითხს მოაყოლეს ეს განცხადება. სიმართლე გითხრათ, რა მიზანი ჰქონდა ამ განცხადებას, არ ვიცი… თუკი აშშ-ს ელჩს სურს, რაიმე გზავნილის გადაცემა სახელმწიფოსთვის, ამისთვის არის საგარეო საქმეთა სამინისტრო, [საგარეო საქმეთა] მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და არავის შეუზღუდავს მათთან შეხვედრა…“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მმართველი პარტიის ოპონენტები აფასებენ როგორც ამერიკის საელჩოს განცხადებას, ისე დიპლომატიური უწყებისთვის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის მიერ გაცემულ პასუხს. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მეტად პირად ფინანსურ კეთილდღეობას უფრთხილდება.
„ცხადია ერთი რამ, რომ ივანიშვილს აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ მისი ფინანსები, მისი ფინანსების დაბრუნების შესაძლებლობა და ამისთვის ის წირავს და იყენებს საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ეს გამოხატულია ყველა ტიპის კომუნიკაციაში, მათ შორის მცდელობაში, რომ არ შეხვდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და არ აიღოს პასუხისმგებლობა იმ დანაშაულებრივ პოლიტიკაზე, იმ დანაშაულებრივ მართვაზე, რასაც ივანიშვილი „ქართული ოცნების“ გავლით აკეთებს.“ – ამბობს კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.
ოპოზიციაში ასევე აცხადებენ, რომ ამერიკულმა მხარემ მორიგ ჯერზე, მკაფიოდ დაასახელა ის წინაპირობები, რაც ორმხრივი ურთიერთობების აღსადგენადაა აუცილებელი.
„აშშ-ის საელჩოს ეს განცხადება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმთან დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არანაირ გადატვირთვას არ აპირებს, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი არ შეასრულებს იმ პირობებს, რომელსაც მას ცივილიზებული სამყარო უსახავს. ამ პირობებს მას უსახავს ამ ცივილიზებული სამყაროს ლიდერი სახელმწიფოს მეთაური და ასევე, ქართველი ხალხი.“ – თქვა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობების აღსადგენად „ქართული ოცნება“ ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად ე.წ. „დიფ სთეითის“ დამარცხებას ასახელებს და აცხადებს, რომ ამ მხრივ დონალდ ტრამპთან „სრული იდეოლოგიური თანხვედრა არსებობს“. ამის მიუხედავად, პარტიის ლიდერები საქართველოსადმი ვაშინგტონის პოლიტიკას „უსამართლოდ“ აფასებენ.
ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა კი უკვე მეშვიდე თვეა, გაწყვეტილი რჩება, რითაც საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი, მათ შორის სამხედრო დახმარება, განუსაზღვრელი ვადით არის შეჩერებული.