მთავარისაქართველოპარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გელა შერმადინსა და ვასილ მაღლაფერიძეს მოუსმინა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გელა შერმადინსა და ვასილ მაღლაფერიძეს მოუსმინა

საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართა. ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ ახალგორის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელ გელა შერმადინსა და მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორ ვასილ მაღლაფერიძეს მოუსმინა. სხდომაზე განიხილეს 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის ფაქტი.

„ჩვენთან ახალგორში რუსები შემოვიდნენ 14-15 აგვისტოს, როდესაც ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული იყო. ჩვენ არც გვეგონა, რომ შემოვიდოდნენ და დაიკავებდნენ ჩვენს ტერიტორიას, მაგრამ შემოვიდნენ, არავინ გააფრთხილა მოსახლეობა, არც ევაკუაცია განხორციელებულა”, – განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა გელა შერმადინმა.

გელა შერმადინის განცხადებითვე, როცა რუსეთის ჯარებმა დაიკავეს ახალგორის შესასვლელი, ყველამ ვერ გამოასწრო და უკან მოუწიათ მიბრუნება.

„ცნობილი ფაქტია, იგოეთთან რომ გადაკეტილი ჰქონდათ ჩვენს საპოლიციო მანქანებს ეს ტერიტორია, იგოეთთან ჯავშანტრანსპორტიორმა გაარღვია, გამოიარეს სოფელი ლამისყანა, ახმაჯი და ამოვიდნენ ახალგორში, ხერგილი ჰქვია – ასე ვეძახით ჩვენ და შემდეგ სოფელ ოძისთან განთავსდნენ, ანუ მთლიანად შესასვლელი დაიკავეს, აკონტროლებდნენ შესასვლელ-გამოსასვლელს და შემდეგ, ნელ-ნელა, აბრევისა და ორჭოსნის მხრიდან შემოიყვანეს მძიმე ტექნიკა. ეს იყო 14-15 აგვისტო, როდესაც იგოეთში მოხდა ცნობილი ფაქტი, როცა ჯავშანტრანსპორტიორმა გამოარღვია პიკაპები და გადაყარა აქეთ-იქით. ამ პერიოდში შემოვიდნენ.

შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ ჩვენთან, ხეობაში იყო შემოსული პატარა სამხედრო დანაყოფები და ხალხი გამორბოდა, მეც, ჩემი ოჯახით, ბავშვებით ზუსტად ამ დროს გამოვედი და გამოვასწარით ამ მდგომარეობას, მაგრამ ყველამ ვერ გამოასწრო – უკან დარჩა მოსახლეობა და რადგან რუსებმა გამოსასვლელი გადაკეტეს, უკან მიტრიალდნენ. ჩვენს უკან მოდიოდნენ პოლიციელები და უკან მიტრიალდნენ, როგორც ვიცი, როდესაც ახალგორში შევიდნენ, მათ ბრძანება ჰქონდათ, რომ უნდა ყოფილიყვნენ პოლიციის შენობაში, მერე რუსის ჯარებს ოსური ბანდფორმირებები შემოჰყვნენ და ამ ბანდფორმირებებმა დააკავეს და ტყვედ ჩაიგდეს ეს პოლიციელები – ქართველი პოლიციელები 10-15 ადამიანი ჰყავდათ დაკავებული ამ ოსურ ბანდფორმირებებს”, – განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა გელა შერმადინმა.

ახალგორის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გელა შერმადინი

გელა შერმადინის გარდა დღეს, 28 მაისს, კომისიამ მოუსმინა მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორ ვასილ მაღლაფერიძეს, რომელმაც ისაუბრა წინა ხელისუფლების დროს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნის საკითხზე. მან თქვა, რომ როგორც გუბერნატორმა, პარლამენტიდან მიიღო ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, შეიქმნებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია. მან თქვა, რომ ამის შესახებ არცერთმა შესაბამისმა თანამდებობის პირმა არ იცოდა.

„2007 წლის გაზაფხულია. რწმუნებულებს მოგვდიოდა ხოლმე ცირკულარი, პარლამენტს რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო, გეგმაში რა ჰქონდა. ყოფილი პარლამენტარი ვიყავი და ისედაც მაინტერესებდა. ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს. ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია უნდა შეიქმნას და რომ ვიაზრებ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ ოლქს, ეს ნიშნავს, რომ ვუბრუნდებით 1992 წელს. მაშინვე ვურეკავ ჯამბულ ბაკურაძეს, რომელიც მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. ფაქტობრივად, გუბერნიებს ის ხელმძღვანელობდა და გვქონდა ყოველდღიური კავშირი. მისი პასუხი იყო, რომ ინფორმაცია არ აქვს და ხუთი წუთი ითხოვა დასაზუსტებლად. ზუსტად ხუთ წუთში გადმომირეკა და მითხრა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. შემდეგ დავურეკე რამდენიმე პარლამენტარს, არ იცოდნენ ამის შესახებ.

ვასილ მაღლაფერიძე

რაღაც უცნაურობა ხდება, ვკითხულობ, ხომ არ მეჩვენება-მეთქი, არადა, კანონში ცვლილება იგეგმება. დავურეკე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, პალიკო კუბლაშვილს, მიპასუხა, გეჩვენებაო და თან ეცინებოდა, გამორიცხულია, არ არსებობს, არანაირი მსჯელობა არ ყოფილა ამის შესახებო. მინდა, ამას მიაქციოთ ყურადღება, ტყუილს არ ამბობს. ჯამბულ ბაკურაძემდე დავურეკე ახალგორის გამგებელ ზურაბ ფიცხელაურს. ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა. მე რწმუნებული ვარ, ის – გამგებელი. მე თავზარდაცემული ვიყავი და ზურაბ ფიცხელაური ჩემზე უფრო მეტად განადგურდა. ვუთხარი, რომ ვარკვევდი და რაღაც უბედურება ხდება”, – განაცხადა 2005-2008 წლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ვასილ მაღლაფერიძემ.

დღევანდელი სხდომა დასრულდა. დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას 30 მაისს განაახლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend