კატეგორიები

„ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები”, – ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა

„ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები”, – ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა
შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, ათწლიანი მუშაობის შემდეგ, ვახტანგ გომელაური სამთავრობო გუნდს გამოემშვიდობა. გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. სტანდარტული მადლობები კი ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს გადაუხადა.

„ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები. წლის მანძილზე უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნა ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ ენერგიას მოითხოვს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს მეტი დრო დავუთმო“,- წერია გომელაურის განცხადებაში.

გომელაურის განცხადების გავრცელებიდან მალევე, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას შინაგან საქმეთა ახალ მინისტრად, გელა გელაძე წარუდგინა. ვახტანგ გომელაურზე საუბრისას კი თქვა, რომ ამ თანამდებობაზე ყოფნა დიდი პასუხისმგებლობაა და ამ საქმის გაძღოლა რთულია. შეაქო ახალი მინისტრი და მისი ბიოგრაფიაც გააცნო საზოგადოებას.

“ბატონი ვახტანგი იყო ყველაზე სტაჟიანი მინისტრი. 10 წელზე მეტი ხსნის განმავლობაში ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეს საქმე არ არის იოლი, დიდ ენერგიას მოითხოვს. შესაბამისად, მან მშვიდ ვითარებაში მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. შესაბამისი თხოვნით მოგვმართა და ეს თხოვნა დავაკმაყოფილეთ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დღეს დაინიშნა გელა გელაძე. გელა გელაძე არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი. მას აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი. გარდა ამისა, ის მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში, სახელმწიფოს დაცვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა. კიდევ ერთხელ, მინდა, მას ამ ყველაფერში წარმატებები ვუსურვო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავის მხრივ, ახალმა მინისტრმა პირობა დადო, რომ მთავარი პოლიციელის საქმიანობას სათანადოდ გაუძღვება.

„მადლობა პრემიერს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან დიდი პატივისცემით მინდა მივმართო ვახტანგ გომელაურს. მან ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოლო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში. ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო ამ უწყებას, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენს ქვეყანას და ხალხს“,- აღნიშნა გელა გელაძემ.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდში, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ჩათვლით, უარყოფენ გუნდში პრობლემების არსებობას და ამბობენ, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ნამდვილად გომელაურმა მიიღო. ახალ მინისტრს კი წარმატებებს უსურვებენ.

„მან თავად მიიღო წასვლის გადაწყვეტილება. ვახტანგ გომელაური გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მინისტრი „ქართული ოცნების“ მთავრობის კაბინეტში. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის იმაში, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს უსაფრთხო გარემოზე, საქართველოში კანონიერების უზრუნველყოფაზე. განსაკუთრებით ვსაუბრობთ იმაზე, რომ არეულობების, რევოლუციების მცდელობები გარედან იგეგმებოდა. რამხელა რესურსი- ფული, პროპაგანდისტული მხარდაჭერა იყო ამ ყველაფერში ჩადებული, მათ შორის გარედან. მას მიუძღვის ასევე განსაკუთრებული წვლილი, რომ ეს რევოლუციები, რომელიც საერთო ჯამში მოწოდებული იყო ძალადობით ხელისუფლების შეცვლისკენ და ამის მცდელობებს ვხედავდით, პარლამენტის შტურმებს და ასე შემდეგ, ჯერ კიდევ 2019 წლიდან მოყოლებული, ამ ყველაფრის გამკლავება ბატონ ვახტანგ გომელაურს უწევდა და ამას წარმატებითაც აკეთებდა არა მხოლოდ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, არამედ ზოგადად, კრიმინალთან ბრძოლის მხრივ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისა“ და მთავრობის რეალურმა უფროსმა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო და იგი გუნდიდან, სანქცირებული და პრობლემური გარემოცვის წმენდითაა დაკავებული.

„ივანიშვილმა შექმნა სისტემა, რის ფარგლებშიც საკუთარ მხარდამჭერებს და მონურ მორჩილებაში მყოფ ჩინოვნიკებს ჯერ იყენებს და შემდეგ სანაგვეში ისვრის, ამის ფაქტობრივი მტკიცებულება არის, მათ შორის დღეს გომელაურის გადადგომა. ივანიშვილი თავიდან იშორებს ყველა იმ პირს, ვინც დასანქცირდა მისი დანაშაულებრივი დავალებების შესრულების გამო. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გომელაური აპირებდა გადადგომას. გვაქვს ინფორმაცია, რომ გადადგომისთვის ამზადებენ ვაჟა სირაძეს, „ხარებას“ და ა.შ. ივანიშვილი თითოეულ სანქცირებულ პირს და ჩინოვნიკს მოიშორებს, სანაგვეში მოისვრის იმიტომ, რომ ისინი არიან მისთვის ერთჯერადი ნივთები, რომელიც არ დასჭირდება. მისი უსაფრთხოების გამო, ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის გაანადგურებს მის მხარდამჭერებსა და გუნდს“, – განაცხადა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

სამთავრობო გუნდში მუშაობამდე, ვახტანგ გომელაური, „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. შინაგან საქმეთა მინისტრად პირველად 2015 წელს დაინიშნა. შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. 2019 წლიდან გომელაური ისევ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშნეს. გომელაური აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სახელმწიფოების მიერაა სანქცირებული ადამიანის უფლებების ხელყოფისა და მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე პოლიციის მხრიდან ძალადობის გამო. მათ შორის ჩასმულია ყველაზე მძიმე სასანქციო ე.წ. „მაგნიტსკის სიაში“. მთავრობიდან წასვლის მიუხედავად, გომელაურზე სანქციები კვლავ გაგრძელდება.

ალეკო გვეტაძე

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები