რუმინეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა ორშაბათს უკვე დადო ფიცი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შემსუბუქდა, დანს წინ უამრავი გამოწვევა ელის.
ფიცის დადების შემდეგ, დანმა პირობა დადო, რომ მოაგვარებს რუმინეთის ეკონომიკურ პრობლემებს და საზოგადოებასთან ითანამშრომლებს.
მისი თქმით, რუმინეთის სახელმწიფოს ფუნდამენტური ცვლილებები სჭირდება კანონის უზენაესობის ფარგლებში. პრეზიდენტი მიმართავს ყველას, გააგრძელონ ურთიერთობა საზოგადოების ყველა ფენასთან, რათა რეფორმების მიზნით შეძლონ პოზიტიური ზეწოლა რუმინეთის სახელმწიფო ინსტიტუტებზე. თავად კი პირობას დებს, რომ, როგორც პრეზიდენტი, მზად იქნება, მოისმინოს საზოგადოების ხმა და ითანამშრომლოს ხალხთან.
ბუქარესტის ყოფილმა მერმა გაუქმებული არჩევნების შემდეგ ჩატარებული დაძაბული კენჭისყრის მეორე ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯე სიმიონი დაამარცხა. დამკვირვებლებს მიაჩნდათ, რომ არჩევნების შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა იმისთვის, რომ რუმინეთი დარჩენილიყო დასავლურ ალიანსში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეზობელ უკრაინაში ომი გრძელდება. წინასაარჩევნო კამპანიის დროს დანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გააღრმავებს ურთიერთობას ევროპასთან, მხარს დაუჭერს უკრაინას და გაატარებს ფისკალურ რეფორმებს.