დაფუძნებიდან 4 წლის თავზე პარტიამ „გახარია საქართველოსთვის” გამართა ყრილობა, სადაც პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა და პარტიის თავმჯდომარე დამტკიცდა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში პოლიტიკურ გაერთიანებას კვლავ გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.
სიტყვით გამოსვლისას ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე საქართველო მსგავსი პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე არასდროს მდგარა.
„მინდა გითხრათ, რომ დღეს ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ვსაქმიანობთ და ვშრომობთ, არანაირი გარანტია, რომ მომავალი წელი და წლები უფრო მსუბუქი იქნება, არ გვაქვს… ჩვენი პასუხისმგებლობა ყოველწლიურად იზრდება. თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ეს ქვეყანა, როგორ ქვეყანას დავუტოვებთ ჩვენს შვილებს“, – განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.
გიორგი გახარიას თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციის ქვეშაა მოქცეული. ყოფილმა პრემიერმა ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რადიკალიზაცია და ორპოლუსიანობა დაასახელა. გიორგი გახარიას თქმით, არსებულ გარემოს ხელს უწყობენ როგორც მმართველი, ისე ყოფილი სახელისუფლებო პარტიები.
„მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვცდილობდით პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის შემცირებას, სამწუხაროდ, ისევ ვდგავართ იმავე გამოწვევების წინაშე… პოლიტიკოსების ერთი ნაწილი გვარწმუნებს, რომ მხოლოდ ისინი არიან „ეროვნულები“ და სხვას ყველას ეროვნულობასთან ახლოს არ გაგვივლია, არ გვესმის. მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ისინი არიან „ევროპელები“ და სხვა ვერავინ იქნება ევროპელი. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არც ერთია ნამდვილი ეროვნული და არც მეორე ნამდვილი ევროპელი… ყველა, ვისაც არ უნდა ამ პოლუსის ორი რადიკალური ძალა განსაზღვრავდეს ქვეყნის მომავალს, ხვალ, ზეგ, ერთ წელიწადში, ორ წელიწადში მათთვის ჩვენი კარი ღიაა…“ – თქვა გიორგი გახარიამ.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურ გუნდში კვლავ აცხადებენ, რომ ემზადებიან „ნებისმიერი არჩევნებისთვის“, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც. პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ მათთვის ხელისუფლების შეცვლის მხოლოდ მშვიდობიანი გზა არის მისაღები.
„არ ვმალავთ არაფერს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვეუბნებით, რომ, დიახ, ჩვენთვის ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი რადიკალური, რევოლუციური სცენარი ამ ქვეყანაში გაახარებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრებს…“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიამ პოლიტიკური პარტია 2021 წლის მაისში დააფუძნა. მანამდე ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
