53 წლის ბრიტანელი მამაკაცი თავისი მინიავტობუსით იმ ადგილას შეიჭრა, სადაც ლივერპულის გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილი. ისინი ქალაქის პრემიერლიგის ჩემპიონობას ზეიმობდნენ. ინციდენტის შედეგად 45-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
პოლიციის ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც უკვე დაკავებულია, მარტო მოქმედებდა.. შესაბამისად, შემთხვევა ტერორისტულ აქტად არ ჩათვალეს.
სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა, დეივ კიტჩინმა, განაცხადა, რომ 27 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათ შორის ორს მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა. დანარჩენები კი, მათ შორის ოთხი ბავშვი, მსუბუქად დაშავდნენ.
მეხანძრეებს მანქანის აწევა მოუხდათ, რათა ქვეშ მოყოლილი ოთხი ადამიანი გადაერჩინათ. დაშავებულებს შორის იყო მედიკოსიც, რომელიც იქვე მორიგეობდა.
ლივერპულის ათიათასობით გულშემატკივარი ქუჩაში იყო გამოსული, რათა გუნდის პრემიერლიგის მე-20 ტიტული აღენიშნა.
მერსისაიდის პოლიციამ, რომელმაც უკვე დაიწყო გამოძიება, მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ სპეკულაციისგან და შემზარავი ვიდეოების გავრცელებისგან.

„დღეს ლივერპულში გამარჯვების აღსანიშნავად ასეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. სამწუხაროდ, საღამოს 6 საათზე, როცა აღლუმი დასასრულს უახლოვდებოდა, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ქალაქის ცენტრში, ავტომობილი ხალხში შევარდა. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ბევრს ადგილზე გაუწიეს დახმარება. ყველას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია. ავტომობილი ადგილზე გაჩერდა. ჩვენ დავაკავეთ 53 წლის თეთრკანიანი ბრიტანელი მამაკაცი ლივერპულის რაიონიდან. ვთვლით, რომ ის იყო მანქანის მძღოლი. მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს ინციდენტამდე არსებული გარემოებები. მნიშვნელოვანია, რომ არ გაავრცელოთ დაუზუსტებელი ინფორმაცია სოციალური ქსელებით“, – განაცხადა მერსისაიდის პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილემ ენნი სიმსიმ.
ლივერპულმა ბოლოს ლიგა 2020 წელს მოიგო, თუმცა COVID-პანდემიის გამო გულშემატკივრებს საჯაროდ აღნიშვნის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ამჯერად, ისინი დროშებით ხელში წვიმასა და ქარში იდგნენ, ზოგი შუქნიშანზეც კი აძვრა, რათა ფეხბურთელებისთვის თვალი ედევნებინა.