კატეგორიები

გიორგი ვაშაძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა

გიორგი ვაშაძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა

საქალაქო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის, სასამართლო პროცესი დასრულდა. საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა. ამით მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლემ განაცხადა, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ შეწყდეს ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა.

მანამდე დაცვის მხარემ სასამართლოს მიმართა და დასაკითხ პირთა სიაში დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების შეყვანა მოითხოვა. პროკურატურამ კი პირიქით, ამ პირების დასაკითხ პირთა სიიდან ამოღება მოითხოვა.

მოსამართლემ ამ შემთხვევაშიც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თქვა, რომ აღნიშნულ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების დაკითხვის აუცილებლობას ვერ ხედავს.

ამის შემდეგ დაცვის მხარემ მოსამართლის აცილება მოითხოვა. როგორც ბექა ბასილაიამ სხდომაზე განმარტა, მოსამართლის ამ განცხადებით ჩანს, რომ ის საქმის მასალებს საერთოდ არ იცნობს, შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს დაცვის მხარის შუამდგომლობა აღნიშნული მოსამართლის აცილების თაობაზე.

თუმცა მოსამართლე ნატო ჯოხაძემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები