გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. „ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარმატებით იმუშავა და სხვადასხვა დანაშაულისთვის ბრალდებული ბაჩიაშვილი ქართულ მართლმსაჯულებას დაუბრუნა.
„გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავად გაავრცელებს ინფორმაციას, ეს არის მათი ფუნქცია, მათი პასუხისმგებლობა. მე შემიძლია მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ ეს ოპერაცია წარმატებით და სათანადოდ ჩატარდა.
ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის აღსრულება, კანონის აღსრულება და ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოები არიან ამაზე პასუხისმგებლები. კიდევ ერთხელ მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
მე შეიძლება, ვიცოდე ვიღაცაზე მეტი, მაგრამ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია და ეს კითხვები მისკენ უნდა იყოს მიმართული. ვერცერთ დეტალზე ვერ გიპასუხებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების საქმეში დიდი ბუნდოვანებაა და ეს ქართულ სასამართლოში ამ ხელისუფლების პირობებში ვერ გაირკვევა.
„ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ხალხი ციხეში მიდის, ბაჩიაშვილიც ივანიშვილის ვერდიქტის მსხვერპლია. ეს ადამიანი არის არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ მეწარმე, რომელსაც ფული უნდა გამოსძალონ. ამ მიზნით სვამენ ციხეში, ტყვედ აჰყავთ იმისთვის, რომ ის თანხა, რასაც ივანიშვილი მას ედავება, პატიმრობის პირობებში გამოსძალოს. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
თუ ბაჩიაშვილს რამე დანაშაული აქვს ჩადენილი, ე.ი. ივანიშვილსაც ჩადენილი აქვს, ერთად აკეთებდნენ ე.წ. მაინინგს, ერთად გამოიმუშავებდნენ ბიტკოინებს, ერთად შოულობდნენ ფულს. ვინ არის მტყუან-მართალი, ამას ამ სასამართლოს პირობებში ვერ გავარკვევთ, ამის არავის სჯერა. ამ ადამიანს ციხეში მხოლოდ იმიტომ სვამენ, რომ ივანიშვილმა ფული გამოსძალოს“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუსმა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელ ხიდსა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.
