მთავარისაქართველოგიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს

გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს

სუსის ინფორმაციით, დააკავეს გიორგი ბაჩიაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2025 წლის 26 მაისს ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ “წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი”.

ამასთან, რამდენიმე საათის წინ Amsterdam & Partners-ის ვებსაიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 26 მაისს მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის იძულებითი ექსტრადიცია საქართველოში.

განცხადებაში წერია, რომ გიორგი ბაჩიაშვილის წამების საფრთხე მაღალია. “ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული გუნდი გამოიყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რათა საქართველომ პასუხი აგოს ყველა უკანონო ქმედებებისთვის”,- წერია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში იურიდიული გუნდი წერს, რომ წამების საფრთხე რეალურია და ამის დასტურად მოჰყავს გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის განცხადებები საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. ამასთან, გუნდი საუბრობს ქვეყნის სასამართლო სისტემაზე, რომელიც მათი თქმით, სრულიად პოლიტიზებულია.

26 მაისს, გამოცემა გარდიანმა გამოაქვეყნა ინტერვიუ გიორგი ბაჩიაშვილთან. ამ ინტერვიუში გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია მისი მკვლელობის დაგეგმვის შესახებ. ამასთან ბაჩიაშვილი ვარაუდობს, რომ ამ გეგმის უკან არ დგას ბიძინა ივანიშვილი.

გიორგი ბაჩიაშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელია. მის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2023 წელს სასამართლოს მიმართა. ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილს ბიტკოინების მითვისებას ედავებოდა. 2025 წელს ბიზნესმენს ახალი ბრალი წარუდგინეს მტკვარი ჰესის საქმეზე. ამ შემთხვევაშიც მოსარჩელე ბიძინა ივანიშვილი.

2025 წლის მარტში გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. მას ქვეყნიდან გასვლა აკრძალული ჰქონდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:47
spot_imgspot_img
Send this to a friend