კატეგორიები

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე მოქალაქეებს დასავლელმა პოლიტიკოსებმა მიმართეს

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე მოქალაქეებს დასავლელმა პოლიტიკოსებმა მიმართეს

გვიან საღამომდე გაგრძელდა რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საპროტესტო აქცია. თვითორგანიზებული პროტესტის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ახლა, როგორც არასდროს საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ბრძოლა სჭირდება.

„ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ. რა თქმა უნდა, ხალხს ამ ყველაფრის ორგანიზება ბევრად უკეთ შეუძლია, რადგან ხალხი არის გულწრფელი. მთავრობა არ არის გულწრფელი. რასაც დღეს გამოსვლებში ამბობდნენ, სინამდვილეში მაგ ყველაფერს ებრძვიან.

ებრძვიან გმირებს, ებრძვიან ყველა ადამიანს, ვისაც ქვეყნისთვის რაღაც კარგი გაუკეთებია, ვინც იბრძოდა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ყველაფერს ხაზი გადაუსვეს და მათგან ეს არ არის გულწრფელი. არც მანამდე ყოფილან. მათ არ სწამთ არც ქართული სახელმწიფოებრიობის, არც შენი გმირების. შესაბამისად, ხალხის ორგანიზებული უფრო უკეთესი გამოდის.

ეს ყველაფერი ჩვენთვის მთლად საზეიმო არ არის. აქ გამოფენილია ის რუსული საქმეები, რაც დაგვიშავეს. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ახლა ეს დამოუკიდებლობა გვაქვს დასაცავი. მას ისევ დავიცავთ ბოლომდე“, – ამბობს აქციის მონაწილე ელენე ბერიკაშვილი.

საპროტესტო აქციას შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სიტყვით გამოსვლისას მან ჩამოთვალა ის სამი ნაბიჯი, რომლებიც მისი თქმით, ამ ბრძოლას გამარჯვებამდე მიიყვანს: ესაა საზოგადოების ერთობა დასავლეთისა და პარტნიორების მხარდაჭერა და პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა.

„ჩვენ იმიტომ ვზეიმობთ, რომ უკვე გამარჯვებულები ვართ. უკვე გამარჯვებული ვართ იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე საქართველომ ყველაფერს გაუძლო და მოვიდა დღემდე. გამარჯვებულია ერთი ქალი, რომელიც ყველას უძლებს და მას ჰქვია მზია და ის არის ჩვენი სახე და ჩვენი ღირსება. გამარჯვებულია იმიტომ, რომ არცერთმა პატიმარმა თავის ღირსებაზე უარი არ თქვა, იმიტომ რომ არცერთმა მშობელმა თავის შვილის ღირსებაზე უარი არ თქვა და ყველანი ერთად დგანან დღეს, როგორც ჩვენი ღირსების სიმბოლოები“, – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

რუსთაველის გამზირზე ევროპარლამენტარებიც იყვნენ, რომლებიც საქართველოში საგანგებოდა დამოუკიდებლობის დღისთვის ჩამოვიდნენ. ამის გამო კი მმართველი გუნდის კრიტიკა დაიმსახურეს, განსაკუთრებით კი ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ. სწორედ მან მიმართა სიტყვით რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს.

„ძვირფასო ქართველებო, თქვენ წინაშე დიდი პატივისცემით ვდგავარ და მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს თქვენთან ერთად ვარ. თქვენ შესანიშნავები ხართ. ჩემი გმირები ხართ. ევროპაში ძალიან ბევრი ადამიანის გმირები ხართ. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპარლამენტიდან ჩემი ბევრი კოლეგის მილოცვას გადმოგცემთ. თქვენ ბევრი ლიეტუველის გულსა და გონებაში ხართ. ქართველებს, როგორც ლიეტუველებს, ესმით თავისუფლების ფასი, ისევე როგორც მოლდოველებს, უკრაინელებს, ბელარუსებს.

თქვენი ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა, ბრძოლა ევროპისთვის, ბრძოლა კოლონიური რუსული იმპერიის წინააღმდეგ. დიქტატორებს საკუთარი ხალხის ეშინიათ. პუტინია ის, რომელსაც რუსების ყველაზე მეტად ეშინია. ის მათ წამლავს. ლუკაშენკოს ეშინია თავისი ხალხის. მას ათასობით მოწინააღმდეგე ციხეებში ჰყავს გამოკეტილი. ასევე საქართველოში ერთ ადამიანს ძალიან ეშინია. მას დებიძინიზაციის ეშინია”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ვიდეომიმართვებით მიულოცეს დასავლელი ქვეყნების ლიდერებმაც: შეაქეს მათი ბრძოლა თავისუფლებისთვის და გააკრიტიკეს „ქართული ოცნება”.

„ძვირფასო მეგობრებო, მოლდოველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, დღეს მინდა ქედი მოვიხარო თქვენი მდიდარი ისტორიის, თქვენი ურყევი ბრძოლისა და თქვენი ხალხის თავისუფლებისადმი ღრმა ერთგულების წინაშე. მოლდოვა თითოეული იმ ქართველის გვერდით დგას, ვისაც სჯერა დემოკრატიის, ღირსებისა და ევროპული მომავლის. ჩვენი მოგზაურობა ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ უმჯობესია ეს გზა ერთად გავიაროთ. საქართველო გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ თქვენი გვჯერა“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ვიდეომიმართვაში.

„ძვირფასო თავისუფლებისმოყვარე და მამაცო საქართველოს მოსახლეობავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი კეთილი სურვილები და მოკითხვა ესტონეთიდან. თქვენი გამბედაობა თქვენს საზღვრებს მიღმაც ისმის, ზეწოლის, დაშინებისა და უცხოური ჩარევის წინაშე თქვენ მტკიცედ დგახართ. იცავთ თქვენს დემოკრატიას, თქვენს თავისუფლებასა და თქვენს ევროპულ მომავალს. ისტორიას ახსოვს ისინი, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვიან და არა ისინი, ვინც შიშს ემორჩილებიან. დღეს მსოფლიო გაკვირდებათ მაშინ, როცა თქვენ გვახსენებთ, თუ რას ნიშნავს, გიყვარდეს თავისუფლება კომფორტზე მეტად.

თქვენ მარტო არ ხართ, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ადამიანები, რომლებიც თავისუფლებას აფასებენ, თქვენ გვერდით დგანან. განაგრძეთ ხმის ამაღლება, განაგრძეთ წინსვლა. ბრძოლა საქართველოს სულისთვის არის ბრძოლა ღირსებისთვის, სამართლიანობისა და თავისუფალი მომავლისთვის“, – განაცხადა ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარკო მიჰკელსონმა.

საპროტესტო აქციის ერთგვარი კულმინაცია იყო ფედერალისტების მიერ მომზადებული ფილმის ჩვენება. გამარჯვებამდე ერთი დღით ნაკლები რჩება – ასე ერქვა ფილმს, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ ქართველი ხალხის მრავალწლიან ბრძოლაზე ჰყვება.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები