კატეგორიები

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა დასრულდა

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა დასრულდა.

საქმე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა და მას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის 2 მოწმე პოლიცელი, გრიგოლ ჭანტურიძე და კახა ონიანი, დაკითხეს. მათ კითხვები დაუსვეს, როგორც პროკურატურის წარმომადგენლებმა, ასევე ადვოკატებმა. სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულებმა, ჯანო არჩაიამ, რეზო კიკნაძემ და ონისე ცხადაძემ. დღევანდელ დაკითხვაზე მყოფი ორივე პოლიციელი დაზარალებულადაა მიჩნეული აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეშიც.

ორივე პოლიციელი ამბობს, რომ 2024 წელს საპროტესტო აქციაზე დაშავდა, თუმცა მათი თქმით, არ დაუნახავთ, თუ ვინ დააზიანა. საქმის ფარგლებში უკვე არაერთი სამართალდამცველია გამოკითხული. მათგან სასამართლოსთვის არცერთს უთქვამს, რომ აქციაზე ამ საქმეში ბრალდებულთაგან რომელიმემ დააზიანა.

„კი ვიცილებდი, მაგრამ ისე უეცრად მომხვდა, რომ დავინახე რუსთაველის მხრიდან. პირი არ დამინახავს, ვინც მესროლა, რადგან პირბადეებით იყვნენ და სიმართლე, რომ გითხრათ, ასე დავინახე, ვერ ვიტყვი ვერანაირად“, – განაცხადა მოწმე პოლიციელმა კახა ონიანმა.

„მე პრეტენზია მაქვს ადამიანებთან, რომლებმაც ჯგუფურად იძალადეს და ამ ძალადობის შედეგად დავზარალდი, როგორც მე, ისე სხვა პოლიციელები, თუ დადასტურდება სასამართლოთი, რომ ამ ადამიანებს წვლილი აქვთ მიღებული ჩემი ჯანმრთელობის დაზიანებაში, რა თქმა უნდა, მე ამ ადამიანების მიმართ მექნება პრეტენზია”, – განაცხადა მოწმე პოლიციელმა გრიგოლ ჭანტურიძემ.

სხდომაზე ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ საქმის მასალებში დევს პოლიციელის ხელმოწერილი განცხადება, რომელიც მოწმის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს და ადვოკატმა ექსპერტიზა მოითხოვა.

„ეს გამოეპარათ საქმის ელექტრონულ ვერსიაში, რომელიც ადვოკატებს გაგვიცვალეს, საქმის მასალების დედანში კი, რომელიც სასამართლოში დევს, უკვე შევსებული განცხადება, არის თუ არა ეს ხელმოწერები იდენტური, ერთი შევსებული გაყალბებული და მეორე შეუვსებელი?” – თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

ადვოკატები ამბობენ, რომ მოწმეების ჩვენებები დაცვის მხარის პოზიციებს აძლიერებს.

„დღევანდელ სხდომაზე დადასტურდა, რომ გამოძიება აყალბებს მტკიცებულებებს და ამის ნათელი მაგალითი იყო, განცხადება რომელიც საქმიდან გამქრალი ჰქონდათ, თუმცა, სამწუხაროდ, მე-11 ტომის გაცვლის ოქმში იყო მოყოლილი, რამაც დაადასტურა, რომ პროკურორი უტიფრად იძახის, რომ მსგავს დოკუმენტს ადგილი არ ჰქონია. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ამ განცხადებებს წერდნენ სამედიცინო დოკუმენტაციაზე, ეს ადამიანები არ ავსებდნენ და გამომძიებელი ავსებდა საბოლოო ჯამში ამ დოკუმენტაციას. რაც შეეხება 2 მოწმეს, რომელიც დაიკითხა, ვნახეთ, რომ ეს მოწმეებიც, წინა პროცესების მსგავსად იდენტურ ჩვენებებს აძლევენ და მათი იდენტური ჩვენება არის ის, რომ რეალურად ფაქტი არ დაუნახავთ, არ შესწრებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას“, – ამბობს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი.

სხდომის დასასრულს ონისე ცხადაძემ და რეზო კიკნაძემ განაცხადეს, რომ მოწმეებისგან კონკრეტულს ვერაფერს ისმენენ და სხდომებზე დასწრების აზრს ვერ ხედავენ. რევაზ კიკნაძემ თქვა, რომ ის შემდეგ პროცესს არ დაესწრება. ამაზე ფიქრობს ონისე ცხადაძეც.

„შემდეგ სასამართლოზე არ ვაპირებ მოსვლას, ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა მოვიდე. ყველა მოწმე იძახის, რომ ვერ გვცნობს, ხელს ვერ გვადებს. არაფერი ხდება ისეთი, რისთვისაც აქ საჭირო ვარ. შეგიძლიათ, ჩემი მანეკენი დადგათ და უყუროთ თვალებში. ზოგადად ვფიქრობ, როდესაც მოწმე ამბობს, რომ ვერ გვცნობს, რაღა აზრი აქვს, თუ ვერ გვცნობს, რა აზრი აქვს? მაგრამ შეიძლება, იმის შემდეგზე მოვიდე, რადგან მომენატროს ამ ხალხის ხილვა და მხოლოდ ამის გამო თუ მოვალ”, – თქვა რეზო კიკნაძემ.

შემდეგ სასამართლო სხდომაზე კვლავ გაგრძელდება პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმე პოლიციელების დაკითხვა.

თერთმეტივე დაკავებულს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები