27 მაისის დილიდან დაკავებული გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი მას გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში ეძებდა, თუმცა საპატიმროს ადმინისტრაციამ განუცხადა, რომ ის ჯერ არ შეუსახლებიათ.
„ამ წუთას გაირკვა, რომ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ჰყავთ შესახლებული. მიზეზს რაც შეეხება, ცხადია, უცნობია. ზოგადად, პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი სხვადასხვა რისკიდან გამომდინარე თავად წყვეტს, რომელ დაწესებულებაში შეასახლონ ესა თუ ის პირი.
შესაბამისად, მივდივარ რუსთავში, რომ შევხვდე და დაველაპარაკო. ამ წუთისთვის სხვა დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.
26 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სადახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.
გიორგი ბაჩიაშვილი „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელია. მის წინააღმდეგ „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2023 წელს სასამართლოს მიმართა.
ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილს ბიტკოინების მითვისებას ედავებოდა. 2025 წელს ბიზნესმენს ახალი ბრალი წარუდგინეს მტკვარი ჰესის საქმეზე. 2025 წლის მარტში კი გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. მას ქვეყნიდან გასვლა ჰქონდა აკრძალული.
