კატეგორიები

საქართველოს შეიარაღება

საქართველოს შეიარაღება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის სამხედრო აღლუმი ქვეყნის ჯარისკაცებისა  და სამხედრო აღჭურვილობის გარეშე წარმოუდგენელია. ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში სწორედ სამხედროები იცავენ სამშობლოს საკუთარი სიცოცხლის ფასად.

26 მაისის დღესასწაული იმითაც გამოირჩევა, რომ მოსახლეობას სწორედ ამ დღეს შეუძლია საკუთარი თვალით იხილოს სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. რა იყო ამ თვალსაზრისით ახალი წელს?  საქართველოს თავდაცვის ძალებმა წარმოადგინეს 2018 წელს შეძენილი საჰაერო თავდაცვის ფრანგული სისტემა „მისტრალი“ და ასევე თურქული ჯავშანმანქანა „ვურანი“, რომლებიც 2024 წელს შეიძინა თავდაცვის სამინისტრომ.

ტექნიკის ჩამონათვალი მხოლოდ ამით არ სრულდება. თუმცა ძირითადად სიახლეები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ წარმოებას გულისხმობდა. „დელტამ” წარმოადგინა როგორც წლების წინ შექმნილი სამხედრო საშუალებები, ასევე სიახლეც, რომლის საზოგადოებისთვის წარდგენა სპეციალურად დაამთხვიეს 26 მაისის დღესასწაულს.

„წარმოვადგინეთ ერთდროულად ორი ახალი ნიმუში – დიდგორი „მეომარი“, რომელიც 12-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნით არის აღჭურვილი, ამ მანქანაზე მუშაობა შარშან დავიწყეთ, ეს არის ფაქტობრივად ახალი თაობის დიდგორი. მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, როგორც ჩვენი მთავარი დამკვეთის – ჯარის მოთხოვნებს, ისე საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს“, – ამბობს „დელტას“ პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თეიმურაზ პულუზაშვილი.

დანარჩენი ტექნიკა, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ თავისუფლების მოედანზე მოსახლეობას წარუდგინა, იყო ჩეხეთისა და ისრაელის წარმოების საარტილერიო საშუალებები, ასევე ისრაელის წარმოების საჰაერო თავდაცვის საშუალება „რაფაელ სპაიდერი“.

„წარმოდგენილი ტექნიკა რაც არის, იგივე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70, LAR-160, იგივე 152-მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო სისტემა DANA, ეს არის ტაქტიკურ სივრცეში მოქმედი სისტემები. საქართველოს შეიარაღებაში შემოვიდა ისრაელიდან, ჩეხეთიდან და უკრაინიდან გარკვეული ნაწილი. ეს ძირითადად ხდებოდა 2007, 2008 და 2009 წლებში. ახალი რაცაა წარმოდგენილი, ესაა თურქული ჯავშანმანქანა „ვურანი“, დანარჩენი ტექნიკა წინა წლებშია შეძენილი ძირითადად“, – ამბობს შეიარაღების ექსპერტი გიგა ინაშვილი.

სამხედრო მიმომხილველები თვლიან, რომ 26 მაისის სამხედრო კომპონენტი დიდად გამორჩეული არ ყოფილა, რადგან აქცენტი გაკეთდა მსუბუქად შეჯავშნულ სამხედრო მანქანებზე. იმ დროს, როცა სხვა ქვეყნებს დაუფარავად აქვთ აქცენტი გაკეთებული სხვა ტიპის შეიარაღების შეძენაზე. ეს უკრაინაში რუსეთის ომმა განაპირობა. უპილოტო საფრენი აპარატები, რაზეც მთელი მსოფლიოს შეიარაღებული ძალები საუბრობენ, თავისუფლების მოედანზე მხოლოდ მოხალისეობრივ ორგანიზაციას, მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონს, ჰქონდა წარმოდგენილი.

წელსაც, ისევე როგორც შარშან, ქართველი სამხედროების გვერდით არ ჩანდნენ პარტნიორი სამხედროები აშშ-დან. თუმცა დამოუკიდებლობის დღეს ამერიკული შეიარაღება მაინც გამოჩნდა – ცაში UH1H „იროკეზები“, ხმელეთზე კი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინები“, რითაც საქართველოს თავდაცვის ძალები წლების წინ აშშ-სთან ორმხრივი პარტნიორობის შედეგად შეიარაღდა და გაძლიერდა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები