კატეგორიები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნებოდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნებოდა.

26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა გორშიც. ევრონიუს ჯორჯია ესაუბრა “ქართლის ამბების” რედაქტორ საბა წიწიკაშვილს.

„ჩვენს რეგიონში ეს დღე განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ამ რეგიონიდან არის გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. დღეს მის მუზეუმში არავითარი ღონისძიება არ იყო დაგეგმილი, რაც მოულოდნელი იყო ჩვენთვის. საკმაოდ მივიწყებულია ეს მუზეუმი, ბოლოს ოფიციალური წარმომადგენელი, ვინც იყო ამ მუზეუმში, ეს იყო პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი“, – აღნიშნა საბა წიწიკაშვილმა.


.

დილიდან დაიწყეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ახალციხეშიც. საზეიმო ღონისძიებების პარალელურად, ქალაქში საპროტესტო აქციაც იმართებოდა. ევრონიუს ჯორჯია ჟურნალისტ მაია იველაშვილს ესაუბრა.

„დროშებით წელსაც მოირთო ქალაქის ცენტრალური ნაწილი, თუმცაღა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს იყო მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა გამოფენილი და მას გვერდს აღარ უმშვენებდა ევროკავშირის დროშა“,  – ამბობს  ჟურნალისტი მაია იველაშვილი.


.

ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გარდა ბათუმშიც გაიმართა არაერთი საპროტესტო აქცია.

„დაიცავი დამოუკიდებლობა!“ – ასეთი იყო პროტესტში ჩართული მოქალაქეების მთავარი გზავნილი.

მოქალაქეები შეიკრიბნენ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც გაიმართა საჯარო ლექცია საქართველოს დამოუკიდებლობასა და ისტორიულ ასპექტებზე.

ასევე გაიმართა მსვლელობა „ბათუმელების“ რედაქციისკენ, სადაც აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს პატიმრობაში მყოფ „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელსა და სხვა 50-ზე მეტ პატიმარს, რომლებიც საპროტესტო აქციებისას დააკავეს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები