საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მან მიმდინარე პროევროპული საპროტესტო ტალღის მიერ ამ დრომდე მიღწეულ წარმატებებსა და საბოლოო გამარჯვებისთვის აუცილებელ პირობებზე ისაუბრა.
ერთობა, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და სანდო ალტერნატივის არსებობა – ასეთია მე-5 პრეზიდენტის ხედვა იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება მიაღწიოს საბოლოო გამარჯვებას პროტესტში ჩართული მოსახლეობის ნაწილმა.
„დღეს ბევრი შეიძლება კითხულობდეს, რა დროს ზეიმია, რატომ ვზეიმობთ 26 მაისს, რატომ ვზეიმობთ იმ დროს, როცა პატიმრები ციხეში არიან სრულიად უსამართლოდ და მათი მშობლები აქ დგანან. რატომ ვზეიმობთ, როცა ქვეყანაში სუფევს უსამართლობა, როცა დღითიდღე აქრობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, როცა უწყობენ ხელს და შემოჰყავთ საუკუნოვანი მტერი. რატომ ვზეიმობთ, ეს კითხვა ყველას გვაქვს. ჩვენ იმიტომ ვზეიმობთ, რომ უკვე გამარჯვებულები ვართ. უკვე გამარჯვებული ვართ იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე საქართველოს ყველაფერს გაუძლო და მოვიდა დღემდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა პროტესტების მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეების შესახებაც, რომლებიც მისივე თქმით, დღეს უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან და ღირსების სიმბოლოებად იქცნენ.
„გამარჯვებულია ერთი ქალი, რომელიც ყველაფერს უძლებს. მას ჰქვია მზია და ის არის ჩვენი სახე და ჩვენი ღირსება. გამარჯვებულია იმიტომ, რომ არცერთმა პატიმარმა თავის ღირსებაზე უარი არ თქვა, იმიტომ რომ არცერთმა მშობელმა თავის შვილის ღირსებაზე უარი არ თქვა და ყველანი ერთად დგანან დღეს, როგორც ჩვენი ღირსების სიმბოლოები“.
სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა „წინააღმდეგობის პლატფორმაზე“.
„ვერცერთი პარტია მარტო ვერაფერს მიაღწევს. „ქართული ოცნების“ ერთადერთი ბერკეტი და მიზანი საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დაყოფის შემოტანაა. ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ერთადერთი ხერხი: დაყავი და იბატონე. ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომ ვმუშაობთ და შევქმენით წინააღმდეგობის პლატფორმა. ის აერთიანებს რამდენიმე პარტიას და ღიაა ყველა სხვა პარტიისთვისაც“.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა მოახლებული ადგილობრივი არჩევნების შესახებაც. მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობას არავინ მიიღებს, თუ ის „ქართული ოცნების“ წესებით ჩატარდება.
„არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ წესებითა და მისი კონტროლისა და მანიპულაციის ქვეშ“, – განაცხადა მე-5 პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, არჩევნებში ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მონაწილეობა იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ მანამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, ან იმ შემთხვევაში, თუ ორივე კენჭისყრა ერთდროულად გაიმართება.
სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ ბრძოლა და წინააღმდეგობა ბოლომდე გაგრძელდება.

რუსთაველის გამზირზე 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეც შეუერთდა.
