„უსამართლო“, „პოლიტიკურად მოტივირებული“, „წინასწარ შეთანხმებული“ – ამ და სხვა სიტყვებით აფასებენ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, დაკავებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
„ქართული ოცნების“ ოპონენტების ნაწილი ახლა ერთადერთ სწორ გზად ოპოზიციურ ერთობას მიიჩნევს, ნაწილი კი – მაქსიმალური წინააღმდეგობის გაწევას. ყველა ოპოზიციურ პარტიას მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი საპარლამენტო კომისია არალეგიტიმურია. საბოლოოდ, სწორედ ამ კომისიაზე გამოუცხადებლობა გახდა ზურაბ ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზეზი.
„გარდა მორალური მაგალითისა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ამ უკიდურესმა უსამართლობამ ასევე მისცეს ბიძგი კონკრეტულ მოქმედებას. ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი მოქმედება დღეს ასეთი უსამართლობის პირისპირ, არის ოპოზიციის გაერთიანება, ის იდეა, რომელსაც ქომაგობდა ზურა ჯაფარიძე 26 ოქტომბრამდე…“ – განაცხადა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.
„ქართული დემოკრატიული საზოგადოების საქმეა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავააქტიუროთ იმ პროცესში, რასაც ჰქვია „წინააღმდეგობა“. ჩვენი იარაღი ეს არის დამთრგუნველი უმრავლესობა, საქართველოს ის აბსოლუტური უმრავლესობა, ჩვენი თანამოქალაქეების 80%-ზე მეტი, რომელსაც ქვეყნის ევროპული მომავალი სურს. ამ ადამიანების გააქტიურებაა ჩვენი საქმე. ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაც ამ ჭრილში უნდა დავინახოთ. ერთი დამატებითი პოლიტპატიმარი გვყავს – უკვე პოლიტიკური ლიდერის სახით. ის უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მეტი ადამიანი გამოვაფხიზლოთ და ჩავრთოთ აქტიურ პროტესტში“, – ამბობს კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი.
„ზურაბ ჯაფარიძე იყო და არის ყველაზე თანმიმდევრული პოლიტიკოსი. მან თავიდანვე იცოდა, რას აკეთებდა და რა მოჰყვებოდა მის ქმედებებს. ეს არის მისი არჩევანი. როგორც ჩანს, ის თვლის, რომ საპატიმროდან უფრო ეფექტური იქნება. ალბათ, ამასაც აქვს თავისი ახსნა, თუმცა სხვა პოლიტიკოსები, ვინც გადაიხადა გირაო, როგორც ჩანს, ფიქრობენ თავისუფლებაზე, ხალხთან ერთად უფრო ეფექტურები იქნებიან…“ – თქვა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავებას აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათთვის გაუგებარია, რატომ იბარებდა „ქართული ოცნება“ ზურაბ ჯაფარიძეს ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე მაშინ, როცა ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მხოლოდ 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას გახდა.
„საგამოძიებო კომისიის მანდატის ფარგლებში განსაზღვრულია, რომ მან უნდა გამოიძიოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაული. ზურაბ ჯაფარიძე არც ერთი დღე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას, არ ყოფილა არათუ რომელიმე თანამდებობის პირი, არამედ პარტიის წევრიც კი… ასეთ ადამიანს იბარებენ დანაშაულზე, რომელიც მოხდა ვიღაცის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ის არ მიდის კომისიის სხდომაზე, ამის გამო მის მიმართ იწყებენ სისხლისსამართლებრივ დევნას და დღეს ის უკვე ციხეშია…“ – თქვა ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა.
„რომ წარმოიდგინოთ, მე დავნიშნავ ოპოზიციას და ამით შევავსებ ოპოზიციის კვოტებს კომისიის შესაქმნელად და რასაც მინდა, იმას დაგიდგენ, ხოლო თუ არ დამეთანხმები, ციხეში ჩაგსვამ – ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოების სრულიად საწინააღმდეგო მახასიათებელი. თუ არ მეთანხმები – ციხეში გსვამ, ეს არის ავტორიტარიზმის პირველი და უტყუარი ნიშანი, რომელიც ჩვენ ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო სხდომაზე ვნახეთ“, – განაცხადა „ფაქტმეტრის“ ანალიტიკოსმა მალხაზ რეხვიაშვილმა.
ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისგან სრულიად განსხვავებული აზრი აქვთ „ქართულ ოცნებაში“. მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ შესაბამისი სტრუქტურები ყველა კანონდარღვევაზე სათანადოდ რეაგირებენ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ოპონენტების პრეტენზია იმ დროს, როცა, მისი თქმით, ზურაბ ჯაფარიძე თავად აღიარებს კანონისადმი დაუმორჩილებლობას.
„საკითხი მარტივია, სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. კანონი ყველამ იცოდა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეც აღიარებს, რომ ზუსტად იცოდა, კანონი რა არის. ზუსტად იცოდა, მის მიმართ მოთხოვნა, რა არის. ასევე, ის აღიარებს, რომ მან განზრახ დაარღვია კანონი. შემდეგ ჰქონდა შესაძლებლობა აღკვეთის ღონისძიება გირაო გამოყენებულიყო და განზრახ არ დაემორჩილა ამ გირაოს, ასე რომ თავისი ფეხით შევიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამიტომ, აქ ვინმეს მიმართ პრეტენზიები გაუგებარია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის დაკავებას მყისიერი რეაქცია მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან. ამერიკის შეერთებულ შტატებიდანაც და ევროკავშირიდანაც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, დაიცვან საერთაშორისოდ დაკისრებული ვალდებულებები, შეწყვიტონ ოპონენტთა დევნა და დაუბრუნდნენ დასავლური, დემოკრატიული განვითარების გზას.
