ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ დანიშნა საქართველოში ახალი ელჩი ნიკოლაი როგაშჩუკი, რომელიც მანამდე პრეზიდენტის საქმეთა მმართველის თანამდებობას იკავებდა.
საკადრო ცვლილებებზე საუბრისას ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა მინსკსა და თბილისს შორის კავშირებიც განიხილა და თქვა, რომ ურთიერთობების ნორმალიზების დინამიკით კმაყოფილია. ალექსანდრ ლუკაშენკას თქმით, ის ოსების, აფხაზებისა და ქართველების მშვიდობიანად თანაცხოვრების მომხრეა და მხარეთა შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა გამორიცხა.
„საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვალა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს მოხდა. ქართველები ჩვენ ძალიან კარგად გვექცევიან. ძალიან აფასებენ ჩვენს ერს. ქვეყნის ხელისუფლებასთანაც მეტ-ნაკლებად ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. მათ ტვინი გამოურეცხეს იმით, თითქოს ჩვენ მოწინააღმდეგეები და ლამის მტრებიც კი ვართ. ქართველი ხალხისთვის ჩვენ მოწინააღმდეგეები არასდროს ვყოფილვართ. ჩვენ ვემხრობით იმას, რომ ოსები და აფხაზები ქართველებთან მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. როგორ იქნება ეს, თავად გადაწყვეტენ – ერთად ერთ სახელმწიფოში, ფედერალურად თუ რაიმე სხვა ფორმით, ეს მათი გადასაწყვეტი საკითხია. ჩვენ არ ვერევით. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, როგორც იქნება უმჯობესი ხალხისთვის. ასეთია ჩვენი პოზიცია“, – თქვა ალექსანდრ ლუკაშენკამ.
თბილისსა და მინსკს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ალექსანდრ ლუკაშენკა 2022 წლის სექტემბერში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია, ხოლო მომდევნო წელს მინსკში უმასპინძლა რეგიონის ე.წ. „დელეგაციასა“ და დე-ფაქტო „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას. მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი ეს ქმედება დაგმო და ალექსანდრ ლუკაშენკა „ოკუპაციის შესახებ“ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა, თუმცა საქმე დიპლომატიური ურთიერთობის შეჩერებამდე არ მისულა.
ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დე-ფაქტო „პრეზიდენტებს“ მოსკოვში 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე წელსაც შეხვდა.
ორმხრივი ვიზიტებისა და კომუნიკაციის მიუხედავად, ოფიციალურად ბელარუსს საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს.
