სამოქალაქო საზოგადოების ფონდი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ხელს 14 სხვადასხვა ორგანიზაცია აწერს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არაკონსტიტუციურია და არალეგიტიმური პარლამენტის მიერაა შექმნილი.
ორგანიზაციის განცხადებით, კომისიის მიზანი დემოკრატიული პროდასავლური ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნა და მათი პოლიტიკური ველიდან გაქრობაა, ისევე, როგორც უწყვეტი საპროტესტო პროცესის დაზიანება.
არასამთავრობო სექტორი საერთაშორისო ორგანიზაციებს ვითარების მკაცრი შეფასებისკენ, ეუთო/ოდირს კი პოლიტიკური პატიმრების სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგისკენ მოუწოდებს.
„არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევით, „ქართული ოცნების“ რეჟიმმა შექმნა ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისია. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. თუმცა, ვინაიდან პარლამენტის ლეგიტიმაციას „ქართული ოცნების“ გარდა არავინ აღიარებს, არ არსებობს ოპოზიციაც, რომელიც საგამოძიებო კომისიაში იქნებოდა წარმოდგენილი. შესაბამისად, ერთპარტიული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევაა“, – წერია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
