წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მედიაგარემოს შესწავლის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, ტელეიმედის საქმეზე რამდენიმე პირს მოუსმინა.
პარლამენტის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს, ტელეიმედში სპეცრაზმის შეჭრისას შენობაში იმყოფებოდა, გარკვეული დეტალები გაიხსენა.
“ოთახში შემოვარდნენ „ენ“ რაოდენობის ნიღბიანი პირები, გამოგვიყვანეს ოთახიდან, ჰოლში დაგვაყენეს, პირით კედლისკენ, ტყვეებივით ხელებაწეული, დეპუტატები, პარლამენტის წევრები. ვალერი გელბახიანმა, მათ შორის ჩვენც, მაგრამ ვალერიმ უთხრა, რომ რას აკეთებთ, ჩვენ ვართ პარლამენტის წევრები, თქვენ არ გაქვთ ჩვენი დაპატიმრების უფლება, თქვენ არღვევთ კონსტიტუციას და ა.შ. დაუწყო განმარტებები, რაზეც ავტომატის კონდახი მიიღო გვერდებში, რომ აი ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, ხმა, კრინტი. გავჩუმდით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩამოგვიყვანეს, კიბეებზე ჩამოვედით ფეხით, კუთხესთან დაგვაყენეს პარლამენტის წევრები, დაგვიყენეს დაცვა და ამ დროს მიდის ბათქა-ბუთქი, რეზინის ტყვიებს ისვრიან, წივილი-კივილი, რაღაც სასწაული ამბავი ხდება”, – იხსენებს “ხალხის ძალის” წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე.
ამავე საქმეზე, ტელეპროდიუსერმა სოფო ნიკოლაიშვილმა თქვა, რომ “სპეცრაზმი “იმედის” თანამშრომლებს ისე ექცეოდა, როგორც ტერორისტებს”. მისი თქმით, სპეცრაზმელები არბევდნენ და ამტვრევდნენ ყველაფერს და არ ერიდებოდნენ ფიზიკურ ძალადობას.
„2007 წლის 7 ნოემბერს მე ვიყავი „ტელეიმედში“, ვემზადებოდით პოლიტიკური თოქ შოუსთვის – „ღია ეთერი“. მე ვიყავი ამ გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერი. გვყავდა უამრავი, თუ არ ვცდები, 29 სტუმარი მოწვეული. მე პირადად ვიყავი მესამე სართულზე, იქ იყო ჩვენი ოთახი განთავსებული.
მთელი დღის განმავლობაში იყო ხმები, რომ შეიძლება, აქაც შემოვიდნენ. მას მერე, რაც რიყე დაარბიეს, თითქოს, უფრო რეალისტური გახდა ეს. უბრალოდ სხვათა შორის, ყოველი შემთხვევისთვის მანქანა გადავაყენე მოშორებით ტელევიზიიდან და შემდეგ დავბრუნდი. ეს იყო რაღაც ავტომატურად, ნამდვილად ვერ ვუშვებდით რეალურად, რომ გაბედავდნენ და ტელევიზიასაც დაესმებოდნენ თავს. ზუსტად 20:40 საათი იყო, „ქრონიკა“ მიმდინარეობდა და დასასრულისკენ მოხდა ეს შემოჭრა. საშინელი ხმები ისმოდა.
ჩემი კოლეგებისგან ვიცი და მერე კადრებშიც ვნახეთ, რომ ეს არ იყო შემოსვლა, არც შემოჭრა – ეს იყო თავდასხმა. სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ტერორისტები რომ უნდა აიყვანო და გაანადგურო, ამ განწყობით. ლეწავდნენ ყველაფერს გზაზე – აპარატურას და რაც კი შეხვდებოდათ. ჩვენი კოლეგები პირველ სართულზე ყველა დააწვინეს ხელებით წინ, იატაკზე. შეანგრიეს საეთეროს კარები. მიზანი იყო სასწრაფოდ ტელევიზიის მაუწყებლობის გათიშვა. ამას ეძებდნენ, საიდან [გაეთიშათ] და ამიტომ ყველაფერს ლეწავდნენ“, – განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.
