„MEGOBARI აქტის“ საბოლოო დამტკიცებამდე, შეერთებულ შტატებში საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ მოსმენები გრძელდება.
წარმომადგენელთა პალატაში მოსმენაზე მყოფმა სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოსთან დაკავშირებით „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, ჯო უილსონის კითხვას უპასუხა.
„MEGOBARI აქტის“ თანაავტორი კონგრესმენის თქმით, ქართველი ხალხის პროდასავლური პროტესტის ფონზე, „ქართული ოცნება“ ანტიამერიკულ პოლიტიკას ატარებს და ვაშინგტონთან კავშირებს „კრიმინალურად“ აცხადებს. მარკო რუბიოს თქმით კი, ამჟამად ამერიკის ადმინისტრაცია რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს, თუმცა სახელმწიფო მდივანს არ დაუსახელებია, რა საკითხებს განიხილავს ვაშინგტონი.
„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გააყალბა. მათ კრიმინალად გამოაცხადეს ამერიკასთან ასოციაცია… 200 დღეა, თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი ყოველდღიურად, გმირულად გამოდის ქუჩაში. მათ უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტ ტრამპის ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ისეთი, რაც რეალურ ფასს გადაახდევინებს ანტიამერიკულ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სახელით?“ – ჰკითხა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს.
„დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი. უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესებია. ამიტომ ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.
ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა დამატებით ვარიანტს. კონკრეტულად რას ვგეგმავთ დღეს, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება.
კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას, ანტიამერიკულ მთავრობას, რეაგირება“, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
ამ განხილვას პოლიტიკური შეფასებები მალევე დაეწია თბილისიდან. კრიტიკისა და დაკვირვების ადრესატი „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ოპონენტები „თარგმანში დაიკარგნენ“ და ზუსტად ვერ ამოიკითხეს რა თქვა სახელმწიფო მდივანმა. მათივე შეფასებით, რუბიოს ეს პასუხი ზოგადი და დაუკონკრეტებელი იყო.
„საუბარი იყო იმაზე, რომ აშშ იკვლევს კონკრეტულ გარემოებებსა და მტკიცებულებს, ის ეყრდნობა ადგილობრივ ბიუროებს და ისე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი კონტექსტის მოძიებაა, თუ რა კონტექსტში იყო ეს ყველაფერი ნათქვამი, რაზე საუბრობდა მარკ რუბიო მანამდე. როგორც კი დაიწყო მან კითხვაზე პასუხის გაცემა, სწორედ ეს სიტყვები თქვა: „მე როგორც უკვე მოგახსენეთ, როგორც აქამდე ვამბობდი, მოცემულობა, რომ აშშ-მ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს იმ ხელისუფლებაზე, რომელიც ანტიამერიკულია, ეს ბუნებრივია, შეერთებული შტატების ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, როგორც თანამედროვე ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია…“ ეს პასუხი ნიშნავს იმას, რომ მთლიანად რეგიონთან და კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით ჩამოუყალიბებელი პოზიციაა და მათი მხრიდან გარკვეული გარემოებებისა და მტკიცებულებების მოკვლევა-მოძიება ხდება. თუკი ჩვენ ცალსახად შევხედავთ და გავიაზრებთ ისტორიულ ჭრილში ჩვენსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას, აქ რა თქმა უნდა, სულ ტყუილად უხარიათ რადიკალებს, რომლებიც ზეიმობენ ამ განცხადებას…”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ თარგმანი ზუსტად გაიგეს და „ქართული ოცნების“ ასეთი განცხადებები მოჩვენებითი სიმშვიდის მაუწყებელია. მათივე თქმით, უკვე მკაფიოდ ჩანს რომ აშშ კავკასიის რეგიონისა და საქართველოს მიტოვებას არ აპირებს და რომ მათი მტრები შესაბამის პასუხს მიიღებენ.
„ჩვენ ძალიან ნათელი განაცხადი მოვისმინეთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნისგან, რომელმაც ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ დღეს, ამერიკის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არის ანტიამერიკული რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს არის ძალიან საგანგაშო, იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ, მათ შორის „ქართული ოცნების” მხარდამჭერებმაც იციან, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში აშშ-ს მხარდაჭერა, ამ სახელმწიფოსთვის გადამწყვეტი იყო და დღეს, ჩვენ ამ მხარდაჭერას, სწორედ იმიტომ ვკარგავთ, რომ ქვეყანას ანტიამერიკული ხელისუფლება მართავს.
რუსეთი ამ ქვეყანაში დიდი ხანია ცდილობს, სწორედ მსგავსი ხელისუფლების მოყვანას ქვეყნის მართვის სადავეებში და დღეს, როდესაც რუსეთიდან მართული პოლიტიკური ძალა, პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს, რა თქმა უნდა, ისინი სიხარულით ადასტურებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ანტიამერიკულ ხელისუფლებას წარმოადგენენ და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის”, – განაცხადა სამადაშვილმა.
21 მაისს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მის მიერ დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისთვის გაგზავნილი ღია წერილი ამერიკულმა მხარემ „უპასუხოდ დატოვა“. მისივე თქმით, „დუმილიც ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია“.
ალეკო გვეტაძე – ევრონიუს ჯორჯია
