23 მაისიდან თბილისში პატრონიანი შინაური ცხოველების შემოწმება იწყება. პროგრამას „კარდაკარ“ ჰქვია და მას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები უზრუნველყოფენ. ისინი შეამოწმებენ არის თუ არა ცხოველი ვაქცინირებული, არის თუ არა იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული, სტერილიზებული ან კასტრირებული, ასევე შეამოწმებენ მათ საცხოვრებელ პირობებსაც.
„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო პატრონიანი ცხოველების მოვლა პატრონობის პირობების გაუმჯობესებისა და მათი მეპატრონეების ცნობიერების ამაღლების მიზნით იწყებს პროექტს “კარდაკარ”. ჩვენი თანამშრომლები წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით გადაადგილდებიან და კარდაკარ ივლიან, მოინახულებენ ცხოველებს და მათ მეპატრონეებს და გააცნობენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ვალდებულებები აქვთ მათ. ისინი შეამოწმებენ შემდეგ საკითხებს: სტერილიზაცია -კასტრაციას, ცხოველების ვაქცინაციას, რეგისტრაციასა და იდენტიფიკაციას და ამ ყველა პროცედურას შესთავაზებენ მისამართზე”,- ამბობს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი, გიორგი კობიაშვილი.
ამ ინიციატივასთან დაკავშირებით მოქალაქეები საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებენ:
“კარგი წამოწყებაა, ცნობიერების ამაღლება საჭიროა. თუმცა ზოგს ალბათ საშუალება არ აქვს, რომ აცრები გაუკეთონ და პროცედურები ჩაუტარონ”,– ამბობს გიორგი ტოგოევი.
“ მე ერთი ძაღლი მყავს და ბიზნესის კუთხით არ ვუყურებ. ის მართლა ჩვენი მეგობარია და მართლა ჩვენი ოჯახის წევრია და მაქსიმალურად, როგორც შემიძლია ვუვლი. ხოლო სადაც ხდება უკვე მათი შეჯვარებაა შემდგომ უკვე გაყიდვა აი იქ უნდა მოხდეს ნამდვილად მონიტორინგი. თუ რა პირობებში არიან. ვფიქრობ სადაც პირიქით ვევლებით ძაღლებს და თითო თითო გვყავს და ოჯახის წევრად მიგვაჩნია იქ მონიტორინგი არ არის საჭირო”, – ამბობს ირინა მანუკიანი .
ცხოველთ დამცველებს მიაჩნიათ, რომ პროექტი „კარდაკარ“ კარგი ნაბიჯია, თუმცა არასაკმარისი. მხოლოდ თბილისში მიღებული ზომები პრობლემას ვერ მოაგვარებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეგიონში გაცილებით რთული ვითარებაა.
“ეს, რა თქმა უნდა, კარგია, ნამდვილად ვერ იქნება ცუდი, თუმცა რადგან სანქცია ან ჯარიმა არის 8 ლარი და პირველ ჯერზე გაფრთხილება და მხოლოდ მესამეჯერ ხდება 50 ლარი, ჯერ ერთი სამჯერ როგორ უნდა მოხდეს ამ ერთი და იგივე მისამართის შემოწმება, ეს ძალიან დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს, რაც შეეხება 8-ლარიან ჯარიმას, ყველას შეუძლია ეს გადაიხადოს”, – ამბობს Animal Project-ის თანადამფუძნებელი ნათია ჩიქოვანი.
საქართველოში უკვე წლებია, უამრავი მიუსაფარი ძაღლი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ქვეყანაში არ არსებობს ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი მიუსაფარი ცხოველია ქუჩაში. ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ „კარდაკარ“ ნამდვილად არის წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა ქვეყანას სჭირდება კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შინაური ცხოველები შინ თუ გარეთ არ იტანჯებოდნენ.
